აღმოსავლეთ იერუსალიმში თურქეთის საელჩო გაიხსნება, – ეს განცხადება თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის (OIC) საგანგებო სამიტის დასასრულს გააკეთა.
მევლუთ ჩავუშოღლუმ ასევე მიანიშნა, რომ საელჩოებს აღმოსავლეთ იერუსალიმში OIC-ის წევრი სხვა ქვეყნებიც გახსნიან.
„პალესტინის აღიარება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გადაწყვეტილებებთან შესაბამისობაში ხდება. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რათა აღმოსავლეთ იერუსალიმის პალესტინის დედაქალაქად აღიარება მოხდეს“, – განაცხადა მევლუთ ჩავუშოღლუმ.
მან ასევე აღნიშნა, რომ თურქეთი და მისი მოკავშირეები არ დააკლებენ მცდელობას, რომ აშშ-მა უახლოეს მომავალში იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება შეცვალოს.
აღმოსავლეთ იერუსალიმში საელჩოების გახსნის შესახებ კომენტარებს წინ უძღოდა თურქეთის პრეზიდენტის მიერ მოწვეული ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის საგანგებო სამიტი. სამიტში მონაწილეობა მუსლიმური ქვეყნების ლიდერებმა მიიღეს, რომელთაც აღმოსავლეთ იერუსალიმი პალესტინის დედაქალაქად გამოაცხადეს. რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სამიტზე ისრაელს ტერორის სახელმწიფო უწოდა.
იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარების შესახებ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებაზე და სიტუაციის ესკალაციის საფრთხეებზე იმსჯელეს ბრიუსელში შეკრებილმა ევროკავშირის ლიდერებმა. ორგანიზაციას ამ თემაზე ერთობლივი განცხადება არ მიუღია. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა პრესას ევროკავშირის პოზიცია გააცნო და განმარტა,რომ ევროგაერთიანება ორი სახელმწიფოს პრინციპს ემხრობა და ამ მიდგომას არ შეიცვლის.