„კოვიდ-19“-ის გავრცელების შესაკავებლად, თურქეთი 27 აპრილიდან 17 მაისამდე სრულად ჩაიკეტება. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.
თურქეთის პრეზიდენტის თქმით, ყველა სამუშაო ადგილი შეაჩერებს თავის საქმიანობას შეზღუდვების დროს, გარდა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განსაზღვრული შემთხვევებისა.
თურქეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, ყველა საქალაქთაშორისო მგზავრობა დაექვემდებარება ნებართვას, ხოლო საზოგადოებრივი ტრანსპორტი 50-პროცენტიანი დატვირთვით იმუშავებს.
ერდოღანმა თქვა, რომ ფიზიკური დასწრებით სწავლება ყველა დაწესებულებაში, მათ შორის საბავშვო ბაღებსა და ბაგა-ბაღებში შეჩერებულია და ყველა გამოცდა გადაიდება.
„ჩვენ სწრაფად უნდა შევამციროთ ჩვენი შემთხვევების რაოდენობა და ის 5000-ზე ნაკლები უნდა იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველა სფეროში შედეგების წინაშე დავდგებით, ტურიზმიდან დაწყებული ვაჭრობითა და განათლებით დამთავრებული“, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.
გასული დღე-ღამის განმავლობაში თურქეთში 37 312 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.