ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ცნობილ მსახიობსა და ინფლუენსერს არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, საუდ ალ ქააბს უმასპინძლა
ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ცნობილ მსახიობსა და ინფლუენსერს არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, საუდ ალ ქააბს უმასპინძლა

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ცნობილ მსახიობსა და ინფლუენსერს არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, საუდ ალ ქააბს უმასპინძლა. საუდ ალ ქააბი სპარსეთის ყურეს ქვეყნების სატელევიზიო სერიალების პოპულარული მსახიობი და ტელეპროდიუსერია.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, ​ინფოტურის ფარგლებში, მსახიობმა და ინფლუენსერმა თბილისი, უფლისციხე, სტეფანწმინდა და ლოპოტა დაათვალიერა და ტურისტულად საინტერესო ადგილები გადაიღო. საქართველოს შესახებ საუდ ალ ქააბის პოსტებს სოციალურ ქსელ Instagram-ში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მსახიობის ვიდეოებმა ათიათასობით მოწონება დაიმსახურა.

„მართლაც გაოცებული ვარ ყველაფრით საქართველოში. ეს იყო საოცარი მოგზაურობა. მომეწონა ყველაფერი, რაც ვნახე, არაჩვეულებრივი ბუნება, ინფრასტრუქტურა, რომელიც აბსოლუტურად მზად არის ტურისტების მისაღებად. აქ ბევრი აღმოუჩენელი ადგილია, რაც მოგზაურობას უფრო მეტ ინტერესს სძენს. შეგიძლია, ჩამოხვიდე და აღმოაჩინო მეტი და მეტი. უნდა აღვნიშნო საფეხმავლო ბილიკები. აუცილებლად მინდა, კიდევ ჩამოვიდე საქართველოში. მე ვეუბნები ჩემს მეგობრებსა და მაყურებელს, როდესაც საკუთარი სოციალური მედიისთვის ვიღებ, რომ აღფრთოვანებული ვარ ყველაფრით საქართველოში. ეს იყო მხოლოდ ხუთი, მაგრამ ინტენსიურად დატვირთული ხუთი დღე“, – განაცხადა საუდ ალ ქააბმა.

ამასთან, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, ინფოტურის მიზანია არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაცია და სპარსეთის ყურეს ქვეყნებიდან მაღალმხარჯველი ტურისტების მოზიდვა.

„ამჟამად ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან,  რომელიც ჩვენს უმთავრეს მიზნობრივ ბაზარს წარმოადგენს, მასპინძლობს წამყვან მსახიობსა და ინფლუენსერს, რომელმაც საქართველოში უკვე მოინახულა გარკვეული ადგილები და კულტურულ, ტურისტულ პოტენციალს გაეცნო. ჩვენ ძალიან პოზიტიური მოლოდინი გვაქვს, რომ ეს ტური მნიშვნელოვნად განაპირობებს ამ ქვეყნიდან საქართველოში ტურისტული ნაკადის ზრდას“, – განაცხადა მედეა ჯანიაშვილმა.