ტურიზმის ადმინისტრაციის ახალმა უფროსმა 2016 წელს ლეონიდ ჩერნოვეცკის ფონდს 28 888 ლარი შესწირა
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ახალი ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი კიევის ყოფილი მერის, ლეონიდ ჩერნოვეცკის მიერ დაფუძნებული გაერთიანება „ბედნიერი საქართველოსთვის“ მსხვილი შემომწირველია.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მონაცემებით, 2016 წლის აპრილ-მაისში ქვრივიშვილმა „გაერთიანება ბედნიერი საქართველოსთვის“ ანგარიშზე ჯამში 28 888 ლარი ჩარიცხა.
მარიამ ქვრივიშვილის ძმა, გიორგი ქვრივიშვილი „მოძრაობა ბედნიერი საქართველოსთვის“ და „ლეონიდ ჩერნოვეცკი-ქართული მომავალი“-ს დირექტორია, იყო ჩერნოვეცკის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი და ერთ-ერთი მსხვილი შემომწირველიც.
კიევის ყოფილი მერი ლეონიდ ჩერნოვეცკი ქართულ პოლიტიკაში რამდენიმე წლის წინ გამოჩნდა. მონაწილეობდა საპარლამენტო არჩევნებშიც. 2017 წელს უკრაინამ ჩერნოვეცკიზე ძებნა გამოაცხადა. არსებული ინფორმაციით, ამის შემდეგ პოლიტიკოსი ისრაელში იმყოფება.
მარიამ ქვრივიშვილი კომპანია „ვოიაჟერის“ დირექტორი იყო, რომელიც საქართველოში ხუთი ავიაკომპანიის გენერალური დისტრიბუტორია. წლების წინ კი, ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობა ეკავა.
ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას გიორგი ჩოგოვაძე ხელმძღვანელობდა, რომელიც „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ გენერალურ დირექტორად დაინიშნა.