ტურიზმის ადმინისტრაცია - პირდაპირი ავიარეისები აშშ-დან საქართველოში მგზავრთნაკადის ზრდასა და ტურისტთა 30 პროცენტით მატებას გამოიწვევს
ტურიზმის ადმინისტრაცია - პირდაპირი ავიარეისები აშშ-დან საქართველოში მგზავრთნაკადის ზრდასა და ტურისტთა 30 პროცენტით მატებას გამოიწვევს

საქართველო-აშშ-ის შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის განსახორციელებლად საჭირო ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა იწყება, – ინფორმაციას ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

როგორც უწყებაში აცხადებენ, ამერიკის შეერთებულ შტატებში პირდაპირი რეისის არსებობა საქართველოს საშუალებას მისცემს, მოიზიდოს მგზავრთნაკადი და პოტენციური ტურისტები მეზობელი ქვეყნებიდან – სომხეთი, აზერბაიჯანი (მოსაზღვრე ქალაქები) ისევე როგორც იმ ქვეყნებიდან, რომელთაც დღემდე არ გააჩნიათ პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა ამერიკის შეერთებულ შტატებში.

„ზემოაღნიშნული ხელს შეუწყობს ქვეყნის პოპულარიზაციას, რაც თავის მხრივ, განაპირობებს ამერიკიდან მგზავრთნაკადის გაზრდას და ტურისტების რაოდენობის საშუალოდ 30 პროცენტით მატებას“, – აცხადებენ ადმინისტრაციაში.

უწყების ცნობით, ამერიკის შეერთებული შტატებიდან 2019 წლის სამი თვის მდგომარეობით საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობამ 5,974 შეადგინა, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შეადრებით 13,4 პროცენტია. 2018 წელს საერთაშორისო ვიზიტების მთლიანმა რაოდენობამ 41,863 შეადგინა, ზრდა წინა წელთან შედარებით, 24,7 პროცენტია. ბოლო სამი წლის განმავლობაში საშუალო ზრდა 24 პროცენტს შეადგენდა.

ასევე, მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მონაცემების მიხედვით, ამერიკელი მოგზაურები მეორე ადგილზე არიან მოგზაურობაზე გაწეული დანახარჯების კუთხით. ისინი წელიწადში საშუალოდ 135 მილიარდს ხარჯავენ საერთაშორისო მოგზაურობაზე. საქართველოში მათი დანახარჯი კი, 47 მილიონ დოლარს შეადგენს, რაც მთლიანი ხარჯების 0,03 პროცენტია (2018 წელი). ერთი ამერიკელი ვიზიტორის დანახარჯი საქართველოში 3047 ლარი/1130 დოლარზე ფიქსირდება, საშუალო ღამისთევა 8 ღამეს შეადგენს.

ამასთან, 2019 წლის იანვარში საქართველოს ტურისტული პოტენციალი, კერძო კომპანიების მონაწილეობით, „ნიუ იორკ თაიმს თრაველ შოუზე“ (New York Times Travel Show) იყო წარმოდგენილი.

 

ავტორი: ეკა გაზდელიანი