„ტურიზმი და მშვიდობა“ - საქართველო პირველად მსოფლიო ტურიზმის დღეს უმასპინძლებს
2024 წლის 27 სექტემბერს, საქართველო გაერო-ს ტურიზმის ორგანიზაციის ეგიდით, პირველად უმასპინძლებს მსოფლიო ტურიზმის დღის აღსანიშნავ ღონისძიებას. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, მსოფლიო ტურიზმის დღის წლევანდელი თემაა „ტურიზმი და მშვიდობა.“
მასშტაბური ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან მაღალი რანგის სტუმრები, ტურიზმის მინისტრები, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები ეწვევიან.მსოფლიო ტურიზმის დღის ფარგლებში გაიმართება სადისკუსიო პანელები, განხილული იქნება ტურიზმის განვითარების მსოფლიო ტენდენციები და მშვიდობის მნიშვნელობა ინდუსტრიის განვითარების კუთხით.
საქართველოში მსოფლიო ტურიზმის დღის ღონისძიების გამართვა მნიშვნელოვნად ხელს შეუწყობს ქვეყნის ტურისტული ცნობადობის კიდევ უფრო გამყარებას საერთაშორისო არენაზე. 2023 წლის გაზაფხულზე გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ევროპის კომისიის 38-მა წევრმა ქვეყანამ ერთხმად დაუჭირა მხარი საქართველოს დელეგაციის ინიციატივას 2024 წელს, მსოფლიო ტურიზმის დღის საქართველოში აღნიშვნასთან დაკავშირებით.
ტურიზმის მსოფლიო დღეს გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია (UN Tourism) 1979 წლიდან, ყოველი წლის 27 სექტემბერს აღნიშნავს“, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.