ტუნისში საუდის არაბეთის პრინცის ვიზიტთან დაკავშირებით მასშტაბური დემონსტრაცია გაიმართა
ტუნისში საუდის არაბეთის პრინცის ვიზიტთან დაკავშირებით მასშტაბური დემონსტრაცია გაიმართა. Reuters-ის ცნობით, არაბულ სამყაროში მუჰამედ ბინ სალმანის საწინააღმდეგოდ გამართულ პირველ მანიფესტაციას ასობით ადამიანი დაესწრო.
დედაქალაქის ცენტრალურ ნაწილში შეკრებილი აქტივისტების განცხადებით, საუდის არაბეთის სამეფო ტახტის მემკვიდრე ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მკვლელობაშია გარეული.
„მკვლელს ტუნისში არ მივიღებთ“ – ასეთი სიტყვებით დახვდნენ დედაქალაქ ტუნისში საუდის არაბეთის სამეფო ტახტის მემკვიდრეს. მაშინ როდესაც ახლო აღმოსავლეთის ტურის ფარგლებში, ბაჰრეინში, არაბეთის გაერთიანებულ საამიროებსა და ეგვიპტეში სტუმრობის დროს მუჰამედ ბინ სალმანს გრანდიოზული დახვედრები მოუწყვეს.
ჯამალ ხაშოგი სტამბოლში, საუდის არაბეთის საკონსულოს 2 ოქტომბერს ესტუმრა. მას შემდეგ, Washington Post-ის ჟურნალისტი გაუჩინარდა, ოფიციალურმა ერ-რიადმა ჯამალ ხაშოგის მკვლელობა აღიარა.