ტუნისში საპროტესტო აქციის 237 მონაწილე დააკავეს. ტუნისის ხელისუფლების განცხადებით, დემონსტრანტები პოლიციის საგუშაგოებს და სამთავრობო შენობებს დაესხნენ თავს. თავდასხმის სამიზნე გახდა ებრაული სკოლა, რომელსაც აქციის მონაწილეებმა ე.წ. მოლოტოვის კოქტეილებით ცეცხლი წაუკიდეს.
ტუნისის 20-მდე ქალაქში საპროტესტო აქციები ახალი საგადასახადო სისტემისა და ფასების გაზრდის გამო დაიწყო. დემონსტრანტები ამბობენ, რომ ხელისუფლებამ ახალი რეგულაციები დეფიციტის შესამცირებლად და უცხოელი კრედიტორების დასაკმაყოფილებლად შემოიღო.
მიუხედავად იმისა, რომ ე.წ. არაბული გაზაფხულის შემდეგ ტუნისი დემოკრატიის წარმატების მაგალითად განიხილება, 2011 წლიდან ქვეყანამ ცხრა მთავრობა გამოიცვალა, თუმცა ეკონომიკური პრობლემების მოგვარება ვერც ერთმა მათგანმა ვერ შეძლო.