ტუბერკულოზთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ბათუმში კონფერენცია გაიმართა
ტუბერკულოზთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ბათუმში კონფერენცია გაიმართა

ტუბერკულოზთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ბათუმში ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, კონფერენცია გაიმართა.

კონფერენციაზე ტუბერკულოზთან ბრძოლის პოლიტიკაზე იმსჯელეს.

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, აკაკი ზოიძის განცხადებით, აუცილებელია,  ტუბერკულოზის წინააღმდეგ ბრძოლაში გარდატეხა მოხდეს.

„მსოფლიოს და გაერო-ს ამბიციური მიზანი აქვს, რომ 2035 წლისთვის ბოლო მოეღოს აღნიშნულ დაავადებას. ამ მოძრაობაში აქტიურად არის ჩართული საქართველოც“, – განაცხადა კონფერენციაზე აკაკი ზოიძემ.

ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, საქართველოში უკანასკნელ წლებში ტუბერკულოზის კლების ტენდენცია შეინიშნება.

„სწორედ კლების ტენდენციის გათვალისწინებით, 2016 წელს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ საქართველო ამოიღო ტუბერკულოზის მაღალი ტვირთის მქონე ქვეყნებიდან, თუმცა ქვეყანა ჯერ კიდევ დიდი გამოწვევების წინაშეა“, – განაცხადა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, მაია ლაგვილავამ.

კონფერენციის ფარგლებში ახალი ინიციატივა „ნულოვანი ტუბერკულოზი აჭარის რეგიონში“ განიხილეს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, 2016 წელს მსოფლიოში ტუბერკულოზით 10 მილიონზე მეტი ადამიანი დაავადდა და 1 მილიონ 700 ათასი გარდაიცვალა. ბოლო 16 წლის მანძილზე კი, დროული დიაგნოსტიკისა და მკურნალობის შედეგად,  53 მილიონი ადამიანის გადარჩენა მოხერხდა.