"თუ გეხება და გრძნობ, გვერდზე არ უნდა გაუხვიო" - თინა თუთისანის სოციალური პროექტი
"თუ გეხება და გრძნობ, გვერდზე არ უნდა გაუხვიო" - თინა თუთისანის სოციალური პროექტი

​ოჯახური ძალადობა, ნაადრევი ქორწინება, რასიზმი, სოციალური სიდუხჭირე – ეს იმ პრობლემათა ჩამონათვალია, რომელიც ქართველი არტისტის ილუსტრაციების სერიაში მოხვდა. თინა თუთისანი პროფესიით ფოტოგრაფია, ძირითადად სოციალურ თემატიკაზე მუშაობს და იღებს იმას, რაც საზოგადოებას აწუხებს.

​მისი ილუსტრაციების სერია 5 ნამუშევრისგან შედგება, თითოეული კონკრეტულ პრობლემას ეხება და საზოგადოებას ახსენებს – “მსხვერპლები ისევ არსებობენ, მათ უწევთ ცხოვრება რასიზმის, ოჯახური ძალადობის, ომის პირობებში და არ შეგვიძლია გავჩერდეთ, უნდა ვიბრძოლოთ ისე, რომ ჩვენი გზავნილი ცვლილებების გამომწვევი გახდეს”.

თინამ ბრძოლის ფორმად სწორედ ასეთი გზავნილი აარჩია. ამჯერად ფოტოობიექტივი გვერდზე გადადო და ილუსტრაციებით სცადა ის პრობლემები წარმოეჩინა, რაც მისი აზრით, მთელ მსოფლიოს დღეს ყველაზე მეტად აწუხებს.

“სერიაზე მუშაობა ცოტა უცნაურად დაიწყო. გადავწყვიტე, სათქმელი განსხვავებული ფორმით გამომეხატა და გრაფიკულ დიზაინს მივმართე. ამ სფეროში დამწყები ვარ, თუმცა ეს ნაკლებად მნიშვნელოვანი იყო, ვეძებდი გზას, რომლითაც ჩემს ემოციებს გამოვხატავდი. ფოტოგრაფიით ამას მთელი ცხოვრებაა ვაკეთებ, ვცდილობ გადავიღო ის გარემო, რომელში ცხოვრებაც ჩვენს თანამოქალაქეებს უწევთ”.

– თინა, შენი ნამუშევრების სერია იმ პრობლემებს ეხება, რაც გაეროს ბოლო ანგარიშის მიხედვით, მსოფლიოს მთავარ გამოწვევად რჩება.

– დიახ. პრობლემების იდენტიფიცირება არ იყო რთული. უფლებადამცველი ორგანიზაციების ანგარიშები გვერდზე რომ გადავდოთ, მარტივია დაინახო ის, რა შენ გარშემო ხდება. თუმცა, ბუნებრივია გავეცანი მათ ანგარიშებს და შევეცადე, ჩემი ილუსტრაციები რეალობასთან ახლოს ყოფილიყო. თითოეულ ნამუშევარს თან ახლავს წარწერა, რომელიც კონკრეტული პრობლემის მნიშვნელობას გვიხსნის.

– შენი ფოტოებიც ძირითადად სოციალური თემატიკისაა, როგორც არტისტისთვის, რა მნიშვნელობის მატარებელია, შეეხო ისეთ თემებს, რომელიც ზოგჯერ ზედაპირზე არ ტივტივებს, თუმცა რეალურად მსოფლიოს მთავარ გამოწვევად რჩება.

– როდესაც კონკრეტულ პროფესიას ეუფლები და ეს პროფესია ხელოვნებაა, ცდილობ, შენი თავი იპოვო. მე მჯერა, რომ თუ კონკრეტულ მოვლენასთან ემოციურ კავშირს პოულობ, თუ გეხება და გრძნობ, გვერდზე არ უნდა გაუხვიო, პირდაპირ უნდა იარო და გააკეთო შენი საქმე. ფოტოგრაფია ჩემია, ეს არის გზა ადამიანებს საკუთარი თავი წარვუდგინო. მუდამ ვცდილობ გავიზარდო და ახალი ფორმები ვიპოვო. ამჯერად ამ გზამ გრაფიკულ დიზაინთან მიმიყვანა. შევეცადე ამეღო რამდენიმე პრობლემა და ილუსტრაციების სახით საზოგადოებისთვის მიმეწოდებინა.

– ოჯახური ძალადობა, რასიზმი, ნაადრევი ქორწინება, სოციალური პრობლემები, ომი – ეს შენ მიერ არჩეული თემებია, როგორ იქცა შენი იდეა ვიზუალურ მასალად?

– მას შემდეგ, რაც იდეა გამოიკვეთა, დავიწყე ფიქრი, როგორი შეიძლება ყოფილიყო ნამუშევარი. მნიშვნელოვანი იყო, რომ ეს თემები არ არის რომელიმე კონკრეტული საზოგადოების პრობლემა. ისინი ყველა ქვეყანაში და ყველა დროში არსებობენ. თუ მკითხავთ, არის თუ არა პრობლემა სოციალური სიდუხჭირე, ნაადრევი ქორწინება, რასიზმი საქართველოში? – გიპასუხებთ – დიახ. მართალია, ყველა პრობლემა ერთნაირი სირთულით არ გვეხება, მაგრამ ისინი არსებობენ. ხშირად საზოგადოების კონკრეტული ფენისთვის ეს ყველაფერი შეუმჩნეველია, თუმცა აქ არის მთავარი მუღამიც. არტისტების მოვალეობაა, ჩვენი ნამუშევრებით, სათქმელი ყველა ადამიანამდე მივიტანოთ. ვფიქრობ, ბევრ საუბარს სჯობს, მკითხველმა ნამუშევრები ნახოს და გაიაზროს ამ პრობლემების მნიშვნელობა, დაფიქრდეს, სად შეიძლება იყოს მათი მოგვარების გზები. მე მჯერა, მათ მოგვარებაში თითოეული ადამიანის როლი მნიშვნელოვანია.

​ნამუშევრები:

 

 

​გარდა ილუსტრაციების სერიისა, გთავაზობთ თინა თუთისანის ფოტოებს, რომელიც საქართველოშია გადაღებული და სოციალურ თემატიკას ეხება.

ფოტოები: