თსუ-ში პროფესორ გიორგი სოსიაშვილის მოთხრობების ოსურენოვანი წიგნის პრეზენტაცია გაიმართა
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართულ-ოსურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ინიციატივით, თსუ-ში გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილის, პროფესორ გიორგი სოსიაშვილის ოსურ ენაზე ნათარგმნი მოთხრობების კრებულის „მესაფლავენი“ პრეზენტაცია გაიმართა.
კრებულში შესულია სულ შვიდი მოთხრობა. წიგნი ოსურ ენაზე თარგმნა რაზიათ ქუმარიტოვმა, მთავარი რედაქტორია ნაირა ბეპიევა.
შეხვედრა გახსნა და ქართულ-ოსური, ოსურ-ქართული მთარგმნელობითი საქმიანობის ისტორიასა და დღევანდელ ვითარებაზე ისაუბრა თსუ-ს ქართულ-ოსურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელმა, ნაირა ბეპიევმა.
სიტყვით გამოვიდნენ თსუ-ს პრორექტორი ნინო ოკრიბელაშვილი, თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ნანა გაფრინდაშვილი, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის განათლების სამსახურის უფროსი სოსო ცოტნიაშვილი, საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის სამოქალაქო ინტეგრაციის სამმართველოს მრჩეველი მექა ხანგოშვილი, თბილისის, გორის, სოხუმის უნივერსიტეტების პროფესორები სოსო სიგუა, ამირან არაბული, ოთარ ჟორდანია, იოსებ ჭუმპურიძე, გიორგი ხორბალაძე, ნინო პოპიაშვილი, თამარ გელიტაშვილი და სხვები.
ჰუმანიტარული ფაკულტეტის დეკანის, ნანა გაფრინდაშვილის თქმით, საჭიროა წიგნის თარგმნა და გამოცემა არა მარტო ოსურ, არამედ რუსულსა და სხვა ენებზეც.
დასასრულ ღონისძიებაზე დამსწრეებს მადლობა გადაუხადა გიორგი სოსიაშვილმა და აღნიშნა, რომ ქართულ-ოსური ურთიერთობის გაღრმავების მიზნით, გორის სასწავლო უნივერსიტეტში მომავალი სასწავლო წლიდან იგეგმება ოსური ენისა და ლიტერატურის კურსის სწავლება.