ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ოსური ზღაპრების კრებულის პრეზენტაცია გაიმართა. წიგნში ქართულ და ოსურ ენებზე 30 ოსური ზღაპარია შესული. ოსური ზღაპრების ილუსტრაციაზე იმუშავეს ქართველმა და ოსმა თანამედროვე მხატვრებმა, ასევე ახალგაზრდა ფრანგმა მხატვარმა, ნინა ზიგელმა.
წიგნი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართულ-ოსურ ურთიერთობათა სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ინიციატივით გამოიცა, რომლის ხელმძღვანელია ფილოლოგიის დოქტორი, პროფესორი ნაირა ბეპიევი.
„თითქმის ტრადიციად ვაქციეთ, რომ ოსური ზეპირსიტყვიერება, იქნებოდა ნართების ეპოსი, თუ ხალხური ზეპირსიტყვიერება, ასევე ოსური ზღაპრები, ორ ენაზე გამოგვეცა. ამაში ხელი შეგვიწყო განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ. ასევე, ჩვენ გვყავს საერთაშორისო პარტნიორები – ევროკავშირი და გაერო. მთლიან ამ პროცესს ჩვენ დავარქვით დიალოგი კულტურისა და განათლების ენაზე. მიმაჩნია, რომ ყველაზე უფრო ეფექტური დღეს არის სწორედ დიალოგი ქართველსა და ოსს შორის და მით უმეტეს, თუ ფოლკლორის საგანძურის ენაზე ვისაუბრებთ, ეს კიდე უფრო მეტს შეგვძენს იმ დიდ საქმეში, რომელსაც ჩვენ ვემსახურებით“, – აღნიშნა ნაირა ბეპიევმა.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, გიორგი შერვაშიძის თქმით, ქართულ-ოსურ ურთიერთობათა სამეცნიერო კვლევითი ცენტრის საქმიანობა სახალხო დიპლომატიის კარგი მაგალითია.
„ძალიან მნიშვნელოვანი გამოცემაა. ქართულ-ოსურ ურთიერთობათა სამეცნიერო კვლევით ცენტრში საზოგადოებისთვის ძალიან კარგი საქმე კეთდება. ეს ცენტრი არის ზუსტად ის, რაზეც უნდა ვილაპარაკოთ უფრო ხშირად და მეტი ინტენსივობით. ეს არის სახალხო დიპლომატია, ეს არის გამოყენება იმ კავშირებისა, რომელიც საუკუნეების განმავლობაში გვქონდა. ლამაზი გამოცემაა და დარწმუნებული ვარ, ბევრი მკითხველი ეყოლება ამ ზღაპრებს“, – განაცხადა გიორგი შერვაშიძემ.