თსუ-ში აცხადებენ, რომ მიუღებელია ნებისმიერი სახის ძალადობა და მოუწოდებენ ახალგაზრდებს, პატივი სცენ გამოხატვის თავისუფლებასა და თავი შეიკავონ მაპროვოცირებელი ქმედებებისგან
უნივერსიტეტი კიდევ ერთხელ ხაზგასმით აცხადებს, რომ მიუღებელია ნებისმიერი სახის ძალადობა და მოუწოდებს ახალგაზრდებს, მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ ადამიანის უფლებებს, პატივი სცენ გამოხატვის თავისუფლებას და თავი შეიკავონ მაპროვოცირებელი ქმედებებისგან, – ამის შესახებ აღნიშნულია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის განცხადებაში.
„ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ეხმაურება თსუ-ს ბიბლიოთეკის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალგაზრდების ჯგუფებს შორის მომხდარ ინციდენტს, რომლის განმუხტვაც თსუ-ს დაცვის და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა შეძლებისდაგვარად მოახერხეს.
თსუ-ის სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები თუ ადმინისტრაციის თანამშრომლები შეუზღუდავად სარგებლობენ საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებებითა და თავისუფლებებით. საუკუნეზე მეტია, უნივერსიტეტი ემსახურება საზოგადოების განათლებას, ქვეყანაში დემოკრატიული პრინციპების დამყარებასა და განმტკიცებას.
შესაბამისად, უნივერსიტეტი მხარს უჭერს აზრის გამოხატვის მხოლოდ დემოკრატიულ ფორმებს და ამავე დროს, ემიჯნება საუნივერსიტეტო სივრცეში პოლიტიკური პროცესების შემოტანას. ადმინისტრაცია არ დაუშვებს საუნივერსიტეტო სივრცეში პოლიტიკური დაპირისპირების მცდელობას და მიმართავს ყველა პოლიტიკურ ძალას თავი შეიკავოს მსგავსი ქმედებებისგან.
უნივერსიტეტი კიდევ ერთხელ ხაზგასმით აცხადებს, რომ მიუღებელია ნებისმიერი სახის ძალადობა და მოუწოდებს ახალგაზრდებს, მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ ადამიანის უფლებებს, პატივი სცენ გამოხატვის თავისუფლებას და თავი შეიკავონ მაპროვოცირებელი ქმედებებისგან“, – აღნიშნულია განცხადებაში.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, შსს-მ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო.