თსუ-ს სტუდენტური კონკურსის „პლანეტა რიდმორის“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ
თსუ-ს სტუდენტური კონკურსის „პლანეტა რიდმორის“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური კონკურსის „პლანეტა რიდმორის“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ. პირველი ადგილის მფლობელი ბექა გოგინავა გახდა, ის ევროპაში სასწავლო ტრენინგის საგზურით დაჯილდოვდა, მეორე და მესამე ადგილზე გასულმა სტუდენტებმა კი 1000 და 500 ლარის ოდენობის ფულადი პრიზები მიიღეს.

შემეცნებითი პროექტი უნივერსიტეტის ყველა სტუდენტისათვის აპრილში დაიწყო და სამი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. კონკურსანტები ყოველ კვირას პროექტისათვის შერჩეულ წიგნებს კითხულობდნენ და შემდეგ მათთვის მომზადებულ ტექსტებს წერდნენ. საერთო რეიტინგში ყველაზე მაღალი ქულების მქონე 10 კონკურსანტი ერთმანეთს ფინალში შეხვდა.

პროექტის იდეა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს ეკუთვნით და მას უნივერსიტეტი და გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“ ერთობლივად მესამე წელია ახორციელებს.

პროექტის მიზანია ახალგაზრდების წიგნიერების ხელშეწყობა და კონკურსის ფორმით სტუდენტებისთვის მეტი მხატვრული ლიტერატურის შეთავაზება.

დაჯილდოების ცერემონიას სხვა სტუმრებთან ერთად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე, გამომცემლობის დამფუძნებლები ირაკლი ბაკურიძე და მარი კორინთელი დაესწრნენ.