თსუ-ს მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა [ფოტო/ვიდეო]
თსუ-ს მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც აქტივისტებს კარვები აქვთ გაშლილი, აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა.
ადგილზე იყო როგორც სიტყვიერი დაპირისპირება, ასევე ფიზიკური შეხლა-შემოხლაც. დაპირისპირება რამდენიმე წუთს გაგრძელდა.
როგორც აქტივისტმა გიორგი დუმბაძემ განაცხადა, მოხდა პროვოკაცია.
„ვიღაცასთან იყო უბრალოდ პროვოკაცია. მე ახლა მოვედი, არაფერი მინახავს, რაც არ გინახავთ თქვენ. როგორც თქვა, გამკრა რამოდენიმეჯერ მხარიო, პროვოკაციები იყოო და, შესაბამისად, მოჰყვა ამას პასუხი. ქართველები ვართ, კაცო, ჯერ, ვაჟკაცი ბიჭები ვართ აქ ჩვენ“, – განაცხადა გიორგი დუმბაძემ.
კითხვაზე, დაპირისპირება მოხდა აქციის მონაწილეებს შორის თუ არა, დუმბაძემ განაცხადა, რომ იყო გამვლელი ან პროვოკატორი.
„არა, კაცო, ვიღაც გამვლელი ან პროვოკატორი, ან სუს-ი, რავი, ყველგან არის, ყველა კუთხეში“, – აღნიშნა დუმბაძემ.
ჭავჭავაძის გამზირისა და ვარაზისხევის კვეთაზე ამ დროისთვის აქციის მონაწილეების მცირე ნაწილი რჩება. მათ გზის სავალ ნაწილზე კვლავ კარვები აქვთ გაშლილი. ადგილზე იმყოფებიან „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობისა“ და „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერები.
აქციის მონაწილეთა ნაწილმა, „ნაციონალური მოძრაობისა“ და „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერებთან ერთად, თსუ-ს მიმდებარე ტერიტორიაზე საღამოს რუსთაველის გამზირიდან გადაინაცვლა, სადაც დაანონსებული აქცია მიმდინარეობდა. „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერებმა განაცხადეს, რომ თსუ-თან 24 საათის განმავლობაში დარჩებიან და აქვე გააჟღერებენ მომდევნო გეგმებს. ადგილზე გაშალეს კარვები.