თსუ-ს იუბილესთან დაკავშირებით წიგნის „უნივერსიტეტი“ მეხუთე შევსებული გამოცემის პრეზენტაცია გაიმართა
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 102 წლისთავთან დაკავშირებით წიგნის „უნივერსიტეტი“ მეხუთე შევსებული გამოცემის პრეზენტაცია გაიმართა, რომელშიც მოთხრობილია კავკასიაში პირველი ეროვნული უნივერსიტეტის საუკუნოვანი ისტორია დაარსებიდან დღემდე.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ალბომში გამოყენებულია უნიკალური ფოტო და დოკუმენტური მასალა. მისი ავტორია ზურაბ გაიპარაშვილი.
ღონისძიებას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი დაესწრო, საზოგადოებას სიტყვით მიმართა და უნივერსიტეტის იუბილე მიულოცა. მან მადლობა გადაუხადა დარბაზში მყოფ უნივერსიტეტის დამფუძნებლების შთამომავლებსა და სამეცნიერო საზოგადოებას, რომელთაც ეს 100-წლიანი ისტორია შექმნეს.
ნუნუ მიცკევიჩმა აღნიშნა, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს უდიდესი წვლილი შეაქვს ქვეყნის განვითარებაში. დაარსების დღიდან მას დაეკისრა არა მხოლოდ სასწავლო, არამედ სამეცნიერო მისია, რაც საზოგადოების განვითარების ფუნდამენტს წარმოადგენს. მინისტრის მოადგილის თქმით, უნივერსიტეტს დღემდე უჭირავს მაღალი თამასა სამეცნიერო მიმართულებით, რაც საერთაშორისო რეიტინგებით დასტურდება.