თსუ მზექალა შანიძეს დაბადების დღეს ულოცავს
თსუ მზექალა შანიძეს დაბადების დღეს ულოცავს

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია ცნობილ მეცნიერს, მზექალა შანიძეს დაბადების დღეს ულოცავს.

„დღეს ჩვენი გამორჩეული მეცნიერი, თსუ-ს ემერიტუსი პროფესორი, აკადემიკოსი და ფილოლოგი მზექალა შანიძე იუბილარია! მას 98 წელი შეუსრულდა.

ვულოცავ მთელი გულით, ჯანმრთელობას, დღეგრძელობასა და აქტიურ სამეცნიერო საქმიანობას ვუსურვებ.

რთულია, მილოცვაში წარმოაჩინო ქალბატონი მზექალას დამსახურება უნივერსიტეტისა და ქვეყნის წინაშე. მიუხედავად თავისი ასაკისა, ის გამორჩეულად თანამედროვე მეცნიერია. იგი თავისი პროფესიის განვითარებაში შეტანილი წვლილისა და საქმისადმი დამოკიდებულებით მისაბაძი და სამაგალითო ადამიანია მომავალი თაობებისთვის, გარშემომყოფებისა და ქვეყნისთვის.

მნიშვნელოვანია მისი როლი ქართველოლოგიური საკითხების, ქართული სამწიგნობრო ტრადიციების საწყისის, ქართული თარგმანის ისტორიის კვლევის საქმეში. იგი ავტორია 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა, ხოლო მისი კვლევის სფერო ფართოა.

სამეცნიერო ნაშრომებს შორის განსაკუთრებული ადგილი უჭირავს დავით აღმაშენებლის ისტორიკოსის თხზულების ავთენტური ტექსტის დადგენასა და გამოცემას. აგრეთვე, სინას მთის წმ. ეკატერინეს მონასტერში აღმოჩენილ ქართულ ხელნაწერთა მეცნიერულ შესწავლას. ყოველი მისი ნაშრომი საოცარი ფუნდამენტურობით გამოირჩევა, ამიტომაც ყოველმხრივ სასიხარულო და საამაყოა მისი მუდმივი კავშირი ჩვენს უნივერსიტეტთან. თსუ ხომ ქალბატონი მზექალას მსგავსი მეცნიერების გამოცდილებაზე, მათ გაკვალულ გზასა და მათ მიერ აღზრდილ თაობებზე დგას. კიდევ ერთხელ ვულოცავ ჩვენი ქვეყნისა და უნივერსიტეტის საამაყო მეცნიერს, ქალბატონ მზექალას 98 წლის იუბილეს!

ვუსურვებ და ჩვენი ქვეყნისთვისაც ვისურვებ, რომ კიდევ და კიდევ მრავალი წელი ემსახუროს თსუ-სა და ქართულ მეცნიერებას თავისი ნიჭითა და გამოცდილებით“, – ნათქვამია მილოცვაში.