თსუ-ში სტუდენტური თვითმმართველობის საარჩევნო პროცესი დასრულდა
თსუ-ში სტუდენტური თვითმმართველობის საარჩევნო პროცესი დასრულდა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მერვე მოწვევის სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები შედგა, ხმის მიცემის პროცესი დასრულდა და 18:00 საათისთვის ყველა საარჩევნო უბანი დაიხურა.

როგორც თსუ-ში აცხადებენ, ცესკო-ში არცერთი საჩივარი არ შესულა და ამჟამად საუბნო საარჩევნო კომისიებში ხმის დათვლის პროცესი მიმდინარეობს.

„დღის განმავლობაში საარჩევნო უბნებზე კენჭისყრა მიმდინარეობდა საარჩევნო რეგულაციების დაცვით, გამჭვირვალედ და მშვიდ გარემოში. არ დაფიქსირებულა არსებითი ხასიათის ხარვეზი, რომელსაც შესაძლოა, გავლენა მოეხდინა არჩევნების შედეგებზე.

საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, უნივერსიტეტის სხვადასხვა კორპუსში 08:00 საათზე გაიხსნა ყველა საარჩევნო უბანი და ხმის მიცემა დაიწყო 09:00 საათზე. თითოეულმა ამომრჩეველმა ხმა მისცა იმ საარჩევნო სუბიექტებს, რომლებიც რეგისტრირებულნი იყვნენ შესაბამის კურსზე. ამომრჩევლებმა აირჩიეს იმდენი კანდიდატი, რამდენიც განსაზღვრულია დადგენილი წესით“, – აცხადებენ თსუ-ში.

მათივე ცნობით, თსუ თვითმმართველობის არჩევნებს აკვირდებოდა სამი არასამთავრობო ორგანიზაცია: „საერთო სამოქალაქო მოძრაობა – მრავალეროვანი საქართველო“, „ახალი თაობა დემოკრატიული საქართველოსთვის“, „ინსტიტუციური განვითარებისა და მონიტორინგის ცენტრი“, ასევე, ორი კანდიდატის წარმომადგენლები.