თსუ - ინფორმაცია, თითქოს სტუდქალაქის საერთო საცხოვრებელში გეგმური შემოწმება ახალგაზრდების დაშინებას ისახავს მიზნად, სიმართლეს არ შეესაბამება და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება
უნივერსიტეტის სტუდქალაქის ბაგების საერთო საცხოვრებელში ვაკის რაიონის მართლწესრიგის ოფიცრების მიერ განხორციელდა მოსახლეთა გეგმური აღწერა, რომელიც ყოველწლიურად ტარდება. ზოგიერთი მედიასაშუალების მხრიდან გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს აღნიშნული გეგმური შემოწმება სტუდენტების წინააღმდეგ მიმართული ქმედებაა და მიზნად ისახავს ახალგაზრდების დაშინებას, სიმართლეს არ შეესაბამება, – ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის განცხადებაშია აღნიშნული.
თსუ-ს განცხადებით, მსგავსი ინფორმაცია საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება.
„გაცნობებთ, რომ 2023 წლის 15 და 16 მარტს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდქალაქის ბაგების საერთო საცხოვრებელში ვაკის რაიონის მართლწესრიგის ოფიცრების მიერ განხორციელდა მოსახლეთა გეგმური აღწერა, რომელიც ყოველწლიურად ტარდება. ბოლო დღეებში ზოგიერთი მედიასაშუალების მხრიდან გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს აღნიშნული გეგმური შემოწმება სტუდენტების წინააღმდეგ მიმართული ქმედებაა და მიზნად ისახავს ახალგაზრდების დაშინებას, სიმართლეს არ შეესაბამება და მხოლოდ სტუდენტებისა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება.
ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული სტუდენტის უსაფრთხოებაზე ზრუნვა, განსაკუთრებით, საუნივერსიტეტო და საერთო საცხოვრებლის სივრცეებში. ამ მიზნით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი თანამშრომლობს შესაბამის უწყებებთან.
მოგახსენებთ, რომ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ადმინისტრირებას უწევს სტუდქალაქის ბაგების საერთო საცხოვრებელს. აღნიშნული საერთო საცხოვრებლით ძირითადად სარგებლობენ თსუ-ს სტუდენტები და ნაწილობრივ – თსუ-ს თანამშრომლები“, – აღნიშნულია განცხადებაში.