თსუ 2020 წლიდან საერთაშორისოდ აკრედიტებული პროგრამების განხორციელებას იწყებს
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა სან დიეგოს უნივერსიტეტთან პარტნიორობითა და ათასწლეულის გამოწვევის კომპაქტის ფარგლებში სამ პროგრამაზე – ელექტრული და ელექტრონიკის ინჟინერიისა და კომპიუტერულ მეცნიერებებში ABET-ის აკრედიტაცია, ხოლო ქიმია-ბიოქიმიაში სერტიფიცირება მიიღო. ეს ნიშნავს, რომ ვინც ამ პროგრამებზე 2020 წელს თსუ-ში ჩააბარებს, სწავლის დასრულების შემდეგ, მისი დიპლომი გათანაბრებული იქნება ამერიკულ დიპლომთან.
სან დიეგოს უნივერსიტეტი საქართველოში 2014 წლიდან მუშაობს, რომელიც განთავსებულია სამ სახელმწიფო უნივერსიტეტში – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. მისი მიზანი საქართველოში საერთაშორისო სტანდარტის დანერგვაა საინჟინრო და საბუნებისმეტყველო დარგებში.
აშშ-სა და საქართველოს მთავრობებს შორის გაფორმებული საერთაშორისო ხელშეკრულება – ათასწლეულის გამოწვევის კომპაქტი – მოიცავს $34 მლნ-იანი ბიუჯეტის უმაღლესი განათლების პროექტს. პროექტის მიზანია საქართველოში საერთაშორისო სტანდარტის საბაკალავრო პროგრამების დანერგვა საინჟინრო და საბუნებისმეტყველო დარგებში. შედეგად, 2014 წლიდან სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოში აშშ-ში აკრედიტებულ პროგრამებს ახორციელებს და თავის დიპლომს გასცემს. პარალელურად, SDSU ეხმარება საქართველოს სამ პარტნიორ უნივერსიტეტს (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი) საერთაშორისო აკრედიტაციის მოპოვებაში, რათა ამ უნივერსიტეტებმა შეძლონ იგივე პროგრამების უკვე თავად განხორციელება. პროექტის ორივე კომპონენტი დაფინანსებულია „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს“ მიერ, ათასწლეულის გამოწვევის კომპაქტის (გრანტის) ფარგლებში.
საერთაშორისოდ აკრედიტებული პროგრამების შეთავაზება ეტაპობრივად დაიწყება.