ლონდონში ATP-ის დასკვნითი ტურნირი დაიწყო, რომელშიც სეზონის მიხედვით რვა საუკეთესო ჩოგბურთელი შეიკრიბა.
ჩემპიონატი “სამპრასის ჯგუფის” წევრებმა გახსნეს – ტურნირის მეორე ნომერი როჯერ ფედერერი ამერიკელ ჯეკ სოკს ხვდებოდა, რომელიც პარიზის “მასტერსის” მოგების შემდეგ, ბოლო მომენტში მოხვდა ლონდონში.
შვეიცარიელი ლეგენდა მატჩში სრულ უპირატესობას ფლობდა. ერთადერთი, რაც მას ცუდად გამოსდიოდა, ბრეიკ-პოინტების რეალიზაცია იყო. პირველ სეტში პირველივე გეიმში ფედერერმა ბრეიკი შეასრულა და ამის ხარჯზე 6:4 მოიგო. მეორე პარტიაში როჯერი ბევრს ეცადა საქმე ტაი-ბრეიკამდე არ მიეყვანა, მაგრამ ხუთიდან ვერც ერთი ბრეიკ-პოინტი ვერ გამოიყენა. საჭირო გახდა მე-13 გეიმის თამაში, რომელშიც ფედერერს მცირე უპირატესობა ჰქონდა.
საათი და 34 წუთი ბრძოლის შემდეგ, შვეიცარიელმა ასეთი ანგარიშით მოიგო – 6:4, 7:6(4). ჯეკ სოკმა თამაში ისე დაასრულა, რომ ერთი ბრეიკ-პოინტი არ ჰქონია.
მოგვიანებით გაიმართება “სამპრასის ჯგუფში” მეორე მატჩი გერმანელ ალექსანდრ ზვერევსა და ხორვატ მარინ ჩილიჩს შორის.