„ცეცხლოვანი, ურთულესი ქართული ცეკვა“ - პოლონურ „ნიჭიერში“ ქართული ანსამბლის გამოსვლამ ჟიურის უმაღლესი შეფასება დაიმსახურა
ცეცხლოვანი, ურთულესი ქართული ცეკვა, – ასე შეაფასეს ანსამბლ „დაისის“ გამოსვლა პოლონურ „ნიჭიერში“.
11 ნოემბრის შოუში ჟიურის წევრებმა თქვეს, რომ ეს იყო ურთულესი ცეკვა, შემსრულებლებს კი ვირტუოზები უწოდეს. მაყურებელთა ნაწილი „დაისის“ მხარდასაჭერად შოუზე საქართველოს დროშებით მივიდა.
„ნიჭიერის“ წამყვანმა ანსამბლის წევრებს უთხრა, რომ მსგავსი ილეთების შესრულება მისთვის წარმოუდგენელია და დაინტერესდა, რა შინაარსი ჰქონდა ნომერს. როგორც ანსამბლის ერთ-ერთმა წევრმა განმარტა, ცეკვით მაყურებელს საქართველოს ისტორიაზე და იმაზე უამბეს, რომ ქალს შეუძლია ომის დასრულება.
„ეს არის საქართველოს ისტორიის ილუსტრაცია, რა წარსული გვქონდა და რა ვართ ახლა“, – ანსამბლის წევრის ამ ფრაზაზე წამყვანმა იხუმრა, რომ ამ ლოგიკის თანახმად, საქართველოში ძირითადად მამაკაცები ცხოვრობენ (ანსამბლში სამი ბიჭი და ერთი გოგოა).
„ბრწყინვალე, სახასიათო გამოსვლა. მოცეკვავეებმა აჩვენეს საოცარი ენერგია, უბადლო ტექნიკა, ბალანსი. ეს იყო სრულყოფილება, ეს იყო ქართველი ერის ხასიათი, სული“, – ამ სიტყვებით შეაფასა ჟიურიმ „დაისის“ ნომერი „ნიჭიერში“.
ჟიურის ერთ-ერთმა წევრმა მოცეკვავეებს უთხრა, რომ ეს არ იყო რთული ცეკვა, ეს იყო ცეცხლოვანი, ურთულესი ცეკვა, რომელსაც ასე სრულყოფილად მხოლოდ ვირტუოზები ასრულებენ.
„დაისის“ გამოსვლას პოლონური ნიჭიერის ჟიურის წევრმა „ქართული მიწის ძახილი“ უწოდა.