ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით, ექვსიდან ხუთ საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატები იმარჯვებენ, ერთში კი დამოუკიდებელი კანდიდატი
ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით, მერობის არჩევნების მეორე ტურში ექვსიდან ხუთ საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატები იმარჯვებენ, ერთში კი დამოუკიდებელი კანდიდატი. ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ საინფორმაციო ბრიფინგზე განაცხადა.
ხმის მიცემის პროცედურა ერთ თვითმმართველ ქალაქსა და ხუთ თემში გაიმართა. ესენია ქუთაისი, მარტვილი, ხაშური, ბორჯომი, ოზურგეთი და ყაზბეგი.
თამარ ჟვანიას ინფორმაციით, ექვსივე საარჩევნო ოლქში გახსნილი სულ 317 საარჩევნო უბნიდან დათვლილია 270 უბნის შედეგები.
ქუთაისში ერთმანეთს უპირისპირდებოდნენ გიორგი ჭიღვარია „ქართული ოცნებიდან“ და გრიგოლ ვაშაძე „ნაციონალური მოძრაობიდან“. ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით, გიორგი ჭიღვარიამ ხმათა 86,64 % მოიპოვა, ხოლო გრიგოლ ვაშაძემ 13,36 %.
ხაშურში 52 საარჩევნო უბნიდან დათვლილია 52-ვე უბნის შედეგები. წინასწარი შედეგებით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა გიორგი გურასპაშვილმა ხმათა 61.31% მიიღო, ხოლო დამოუკიდებელმა კანდიდატმა რამაზ ნოზაძემ 38,69%.
ოზურგეთში გახსნილი 62 უბნიდან 32 საარჩევნო უბნის შედეგებია დათვლილი. აღნიშნული უბნების მონაცემების თანამად, დამოუკიდებელმა კანდიდატმა, კონსტანტინე შარაშენიძემ ხმათა 51.15% მიიღო, ხოლო „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა, ბეგლარ სიორიძემ – 48,85 %.
ბორჯომში 30 საარჩევნო უბნიდან დათვილია 21 უბანი. წინასწარი შედეგებით, „ქართული ოცნების“ კანდიდატმა, ლევან ლიპარტიამ ხმათა 54,42% მიიღო, ხოლო ზაზა ჩაჩანიძემ „პატრიოტთა ალიანსიდან“ – 45,58%.
ყაზბეგში 10-დან 10-ვე საარჩევნო უბანია დათვლილი. „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა, ალექსანდრე ზაგაშვილმა ხმათა 68,65% მიიღო, ხოლო „დემოკრატიული მოძრაობა – თავისუფალი საქართველოს“ კანდიდატმა, სანდრო ყამარაულმა – 31,35%.
39-დან 39-ვე საარჩევნო უბანია დათვლილი მარტვილში. აქ ერთმანეთს „ქართული ოცნების“ კანდიდატი ალექსანდრე გრიგალავა და „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი მამუკა დანელია დაუპირისპირდნენ. წინასწარი შედეგებით, ალექსანდრე გრიგალავამ ხმათა 93,04% მიიღო, ხოლო მამუკა დანელიამ – 6,96 %.
თამარ ჟვანიას განცხადებით, არჩევნების მიმდინარეობისას, ძირითადად, დაფიქსირდა მცირე პროცედურული ხარვეზები, რაც ადგილზევე აღმოიფხვრა. მისივე თქმით, საოლქო საარჩევნო კომისიებს სულ 29 საჩივრით მიმართეს. მათ შორის, ბორჯომში 12 საჩივარი შევიდა, ოზურგეთში – 11. ოთხი საჩივარი შევიდა ქუთაისში, თითო-თითო ხაშურსა და მარტვილში. ყაზბეგში საჩივრები არ დაწერილა.