ცესკო-ს მონაცემებით, მერის არჩევნების მეორე ტურში, გარდა ოზურგეთისა, „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა გაიმარჯვეს
ცესკო-ს მონაცემებით, თვითმმართველი ქალაქის-თვითმმართველი თემის მერის არჩევნების მეორე ტურში ხმების ასი პროცენტი უკვე დათვლილია. როგორც ცესკო-ში განაცხადეს, ყველა ოლქში, გარდა ოზრგეთისა, „ქართული ოცნების“ კანდიდატმა გაიმარჯვა.
ქალაქ ოზურგეთში გამარჯვება დამოუკიდებელმა კანდიდატმა, კონსტანტინე შარაშენიძემ მოიპოვა, რომელმაც მმართველი გუნდის კანდიდატს 79 ხმით აჯობა.
ცესკო-ს მონაცემებით, არჩევნების მეორე ტურში აქტივობა 33, 23 % დაფიქსირდა. რაც შეეხება საჩივრებს, საერთო ჯამში სულ 35 საჩივარი დაიწერა, მათგან 14 ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიაში. საჩივრების უმეტესობა საარჩევნო კომისიის წევრებისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებას ითვალისწინებს.
ხმის მიცემის პროცედურა ერთ თვითმმართველ ქალაქსა და ხუთ თემში გაიმართა. ესენია: ქუთაისი, მარტვილი, ხაშური, ბორჯომი, ოზურგეთი და ყაზბეგი. ექვსივე საარჩევნო ოლქში სულ 317 საარჩევნო უბანი იყო გახსნილი.
ქუთაისში მერობის კანდიდატები „ქართული ოცნებიდან“ გიორგი ჭიღვარია და „ნაციონალური მოძრაობიდან“ გრიგოლ ვაშაძე იყვნენ.
ყაზბეგში ერთმანეთს „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი, ალექსანდრე ზაგაშვილი და „დემოკრატიული მოძრაობა – თავისუფალი საქართველოს“ კანდიდატი სანდრო ყამარაული დაუპირისპირდნენ.
რაც შეეხება ხაშურის ოლქს, მერობისთვის „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი გიორგი გურასპაშვილი და დამოუკიდებელი კანდიდატი რამაზ ნოზაძე იბრძოდნენ.
ბორჯომის მერობის კანდიდატები „ქართული ოცნებიდან“ ლევან ლიპარტია, ხოლო „პატრიოტთა ალიანსიდან“ ზაზა ჩაჩანიძე იყვნენ.
მარტვილში ერთმანეთს „ქართული ოცნების“ კანდიდატი ალექსანდრე გრიგალავა და „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი მამუკა დანელია დაუპირისპირდნენ.
ოზურგეთში მერობისთვის დამოუკიდებელი კანდიდატი კონსტანტინე შარაშენიძე და „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი ბეგლარ სიორიძე იბრძოდნენ.
ავტორი -
ქეთი ქაშაკაშვილი