ტრიპოლიში საერთაშორისო აეროპორტზე თავდასხმას 20 ადამიანი ემსხვერპლა
ლიბიის დედაქალაქ ტრიპოლიში საერთაშორისო აეროპორტზე შეიარაღებულ თავდასხმას 20 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავებულია 60-ზე მეტი პირი. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედიასაშუალებები ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებენ.
მათივე ცნობით, თავდასხმის საპასუხო ზომები მიღებულია.
მანამდე გავრცელებული ცნობებით, აეროპორტზე თავდამსხმელები სხვადასხვა სახის იარაღით იყვნენ აღჭურვილები, თუმცა შენობის შიგნით მყოფი ადამიანების ევაკუაცია მაინც მოხერხდა.
ტელეკომპანია Sky News Arabia-ს ცნობით, აეროპორტში შეტაკება ორ დაჯგუფებას შორის მოხდა. მათი თქმით, აეროპორტს თავს დაესხა დაჯგუფება ალ-ბაქარი, რომლებსაც შეუერთდნენ აღმოსავლეთ ლიბიიდან დევნილი რადიკალები.
თავდამსხმელებს დაუპირისპირდა დაჯგუფება „სპეციალური წინააღმდეგობის ძალები“, რომლებიც აეროპორტს აკონტროლებენ. მოგვიანებით მათ სოციალური ქსელის მეშვეობით განაცხადეს, რომ თავდასხმის მოგერიება შეძლეს.
ლიბიის მთავრობამ, რომელიც 2016 წელს გაეროს ხელშეწყობით ჩამოყალიბდა, ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში მიმდინარე პროცესების მართვის სადავეების ხელში ჩაგდება ვერ შეძლო, ამიტომ იძულებულია რეგიონში სხვადასხვა შეიარაღებულ დაჯგუფებებთან ითანამშრომლოს.