ტრეფიკინგის წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანიის პრეზენტაცია მიმდინარეობს
მიმდინარე წელს ტრეფიკინგის მსხვერპლ ოთხი ადამიანს აღმოვუჩინეთ დახმარება, წინა წელს კი ასეთი 10 პირი იყო, – ამის შესახებ ტრეფიკინგთან ბრძოლის სახელმწიფო ფონდის წარმომადგენელმა, ლაშა ჯინჯიხაძემ განაცხადა, რომელიც სასტუმრო “რუმსში”ტრეფიკინგთან ბრძოლის წინააღმდეგ მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საინფორმაციო კამპანიის გახსნას ესწრებოდა.
მისი თქმით, ეს არ არის მთელი ქვეყნის მასშტაბით ტრეფიკინგის მსხვერპლთა სრული სტატისტიკა, ვინაიდან მათ დახმარებისთვის ამ კონკრეტული რაოდენობის ადამიანმა მიმართა, ხოლო შსს-ს აქვს თავის სტატისტიკა, თუ ტრეფიკინგის რამდენ დანაშაულზე აღიძრა საქმე.
როგორც ჯინჯიხაძე აცხადებს, ბოლო წლების მიხედვით, ტრეფიკინგი საქართველოში სექსუალური ექსპლუატაციის მიმართულებით არის გამოხატული, ვიდრე შრომითი ექსპლუატაციის კუთხით და ძირითადად ამ მიმართულებით პრობლემური აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაა.
“ტრეფიკინგთან ბრძოლის სახელმწიფო ფონდის სტატისტიკა იმ ადამიანების შესახებ, ვინც მიმართეს სახელმწიფოს სხვადასხვა სერვისის მიღების მიზნით, ეს შეიძლება იყოს თავშესაფარი, ფსიქოლოგის ან სამედიცინო დახმარება, მაგალითად წლევანდელ წელს ოთხ ადამიანს აღმოვუჩინეთ დახმარება, წინა წელს 10 ადამიანი იყო”, – განაცხადა ჯინჯახაძემ.
ტრეფიკინგთან ბრძოლის კუთხით და მსხვერპლთა დასახმარებლად შეთავაზებული სერვისების მხრივ საქართველოს მოწინავე პოზიციებზე საუბრობს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი ანა კაკუშაძე.
მისი თქმით, სხვადასხვა უწყებები ძალიან კარგად თანამშრომლობენ ერთმანეთთან, რაც დანაშაულთან ბრძოლას მაქსიმალურად უწყობს ხელს.