თბილისის საქალაქო სასამართლომ ორგანიზებული ჯგუფის მიერ სამი პირის მიმართ ჩადენილ ადამიანით ვაჭრობაში (ტრეფიკინგში) ბრალდებული ხ.ჯ. დამნაშავედ ცნო.
როგორც საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სასამართლომ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები გაიზიარა და ბრალდებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1431-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით ცნო დამნაშავედ.
უწყების ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ხ.ჯ-მ თავის მეგობარ თ.ნ-სთან ერთად, ორგანიზებულად შეიმუშავა ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგი) გეგმა. აღნიშნულმა პირებმა, სარგებლის მიღების და ექსპლუატაციის მიზნით, მოტყუებით, ხ.ჯ.-ს მიერ გარდაბნის რაიონში ნაქირავებ ბარის ტიპის ფართში კარგი სამუშაო პირობების დაპირებით, 2016 წლის ივნისსა და ნოემბერში გადაიბირეს, შეიფარეს და მიიღეს ჩ.ს, მ.ს. და შ.შ., რომლებზეც 2017 წლის 18 მაისამდე ახორციელებდნენ ფსიქოლოგიურ ძალადობას და მუქარას. ამყოფებდნენ მათ გაუსაძლის, მონობასთან გათანაბრებულ პირობებში, უზღუდავდნენ თავისუფლად გადაადგილებას და სექსუალურ ექსპლუატაციას უწევდნენ, ხოლო აღნიშნული გზით მიღებულ თანხას ისაკუთრებდნენ.
როგორც პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ხ.ჯ. დაზარალებულებს, მათი ნების საწინააღმდეგოდ, მუდმივად აკისრებდა სხვადასხვა სახის არარეალურ ვალებს, ხოლო შემდგომ, თითქოსდა, აღნიშნული ვალების დაფარვის მიზნით, აიძულებდა მონობასთან გათანაბრებულ პირობებში ყოფნას და მის სასარგებლოდ კლიენტებისთვის სექსუალური მომსახურების გაწევას, ხოლო მიღებულ თანხებს ისაკუთრებდა. სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით ასევე დადასტურდა, რომ ხ.ჯ-ს მეგობარი თ.ნ. უზრუნველყოფდა დაზარალებულების ტრანსპორტირებას კლიენტებთან და მათ უკან, ბარში დაბრუნებას. ასევე, მათზე ახორციელებდა მუდმივ მეთვალყურეობას და კონტროლს, ავალდებულებდა მისი ტაქსის მომსახურებით სარგებლობას, რითაც მათგან შემოსავალს იღებდა, რაც შეთანხმებული, დაგეგმილი და კოორდინირებული იყო ხ.ჯ-სთან.
სამართალდამცველებმა ხ.ჯ. და თ.ნ. 2017 წლის 19 მაისს გარდაბნის რაიონში დააკავეს. მათ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 1431-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი), ესე იგი მოტყუებით ადამიანის გადაბირება, შეფარება და მიღება ექსპლუატაციის მიზნით, აგრეთვე ადამიანის სექსუალური ექსპლუატაცია ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობით, იძულებით, დაშინებით და მუქარით, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ სამი პირის მიმართ) წარედგინათ და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.
პროკურატურის ინფორმაციით, თ.ნ.-მ საქმის სასამართლო განხილვის ეტაპზე დანაშაული აღიარა და მხარეთა შორის საპროცესო შეთანხმების საფუძველზე მას 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად ხ.ჯ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 15 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.