ტრეფიკინგის მსხვერპლის ან დაზარალებულის სტატუსის მქონე პირებისთვის ერთჯერადად სახელმწიფო კომპენსაცია გაიცემა
ტრეფიკინგის მსხვერპლთა და დაზარალებულის სტატუსის მქონე პირებზე ერთჯერადად გაიცემა კომპენსაცია მიუხედავად იმისა, მსხვერპლი და დაზარალებული სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად იდავებენ თუ არა ზიანის ანაზღაურებაზე.
შესაბამისი ცვლილებები „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში შედის, რომლის ინიციატორი ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძეა.
კანონპროექტით განისაზღვრება, რომ ერთჯერადი სახელმწიფო კომპენსაციის გაცემისთვის საკმარისი წინაპირობა იქნება პირისთვის მსხვერპლის ან დაზარალებულის სტატუსის მინიჭება. ცვლილებებით, სახელმწიფო კომპენსაციის მიღება არ ართმევს მსხვერპლს/დაზარალებულს უფლებას, მიმართოს სასამართლოს დამნაშავისგან ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.
ამასთან, ცვლილებით ზუსტდება მუდმივმოქმედი ჯგუფის მიერ პირისთვის მსხვერპლის სტატუსის მინიჭების პროცედურა და კეთდება მითითება იმის შესახებ, რომ მუდმივმოქმედი ჯგუფი შესაბამის საკითხს წყვეტს თავშესაფრისთვის ან სხვა შესაბამისი დაწესებულებისთვის მიმართვის შემდეგ, სავარაუდო მსხვერპლის თაობაზე ინფორმაციის მიღებიდან არა უგვიანეს 48 საათისა. ინიციატივაში ნათქვამია, რომ კომპენსაცია 1 000 ლარს შეადგენს.
კანონპროექტი ინიცირებისთვის ბიუროს ხვალინდელ სხდომაზე წარედგინება.