შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგისა და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს, გენერალური პროკურატურისა და სსიპ – შრომის ინსპექციის სამსახურის თანამშრომლებმა ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ტრეფიკინგის ბრალდებით 1981 წელს დაბადებული ნ.გ. დააკავეს. დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ნ.გ.-მ ადამიანებით ვაჭრობის სქემა შეიმუშავა და აღნიშნულის სისრულეში მოყვანისა და შრომითი ექსპლუატაციის გაწევის მიზნით, ოთხ პირს ფსიქოლოგიური ზეწოლითა და ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარით თავის კუთვნილ ფერმაში ამუშავებდა.
„ბრალდებული დაზარალებულებს ტერიტორიის დატოვებასა და მობილური ტელეფონით სარგებლობას უკრძალავდა. ნ.გ. ოთხივე მათგანს აიძულებდა, შეესრულებინათ მისი ნებისმიერი მითითება, თუნდაც ეს არ ყოფილიყო დაკავშირებული მათ ფერმაში მუშაობასთან. იმ შემთხვევაში, თუ დაზარალებულები ბრალდებულის მოთხოვნების შესრულებაზე უარს იტყოდნენ ან ის უკმაყოფილო დარჩებოდა შესრულებული სამუშაოთი, მათ ფიზიკურად უსწორდებოდა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე პრიმა მუხლის მეორე და მესამე ნაწილით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.