ტრანსპორტის საქალაქო სამსახურს ვიქტორ წილოსანი უხელმძღვანელებს
ტრანსპორტის საქალაქო სამსახურს ვიქტორ წილოსანი უხელმძღვანელებს

დედაქალაქის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურს ვიქტორ წილოსანი უხელმძღვანელებს. ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ვიქტორ წილოსანი მუშაობდა მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილედ.

„რაც შეეხება მამუკა მუმლაძეს, რომელიც ხელმძღვანელობდა ამ სამსახურს, ის არსად მიდის, ჩვენთან აგრძელებს მუშაობას. მინდა, მამუკას დიდი მადლობა გადავუხადო გაწეული შრომისა და საქმიანობისთვის, რაც მან გააკეთა რთულ პერიოდში. როდესაც ჩვენ მოვედით მთავრობაში და მუშაობა დავიწყეთ, ძალიან რთული პერიოდი იყო თავის გადაბარების პროცესით. მამუკა გახლავთ ადამიანი, რომელიც უშუალოდ ჩართული იყო დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგების კუთხით, რათა შემუშავებულიყო ახალი სქემები, ტრანსპორტი გადანაწილებულიყო ისე, რომ რესურსი, რომელიც ჩვენ გვქონდა, მაქსიმალურად სწორად ყოფილიყო გამოყენებული და ამისთვის მას მადლობა. ის აგრძელებს ჩვენთან მუშაობას. ვიქტორს წარმატებები მინდა ვუსურვო“, – განაცხადა კახა კალაძემ.