ტრანსნაციონალური კიბერდანაშაულის ქსელის ლიდერსა და მის ასისტენტს საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობით პატიმრობა შეეფარდათ
საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობით ტრანსნაციონალური ორგანიზებული კიბერდანაშაულის ქსელის ლიდერს და მის ასისტენტს პატიმრობა შეეფარდა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები საქართველოს შს სამინისტროს თანამშრომლებმა 2019 წლის 8 მაისს მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. მათ იმავე დღეს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა.
პროკურატურის ინფორმაციით, დაკავებულებს ბრალად ედებათ აშშ-ს ათამდე კომპანიის მიმართ კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა, კომპიუტერული სისტემიდან კომპიუტერული მონაცემების უნებართვოდ მოპოვება და მათი უკანონოდ შენახვა-გავრცელება, კომპიუტერული მონაცემის და კომპიუტერული სისტემის უკანონოდ გამოყენება და ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი ქურდობა.
„კომპლექსური ტრანსნაციონალური ორგანიზებული კიბერდანაშაულებრივი ქსელი, რომელიც აშშ-სა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებ დაზარალებულთაგან 100 მილიონი აშშ დოლარის მოსაპარად პროგრამის GozNym მავნე პროგრამას იყენებდა, სამართალდამცავი ორგანოების საერთაშორისო ოპერაციის შედეგად დაიშალა.
დანაშაულებრივი ჯგუფის გამოსავლენად, ოთხ სხვადასხვა ქვეყანაში ჯგუფის წევრების მიმართ უპრეცედენტო სისხლის სამართლებრივი დევნა განხორციელდა, რაც აშშ-ს, საქართველოს, უკრაინას, მოლდოვას, გერმანიას, ბულგარეთს, ევროპოლსა და ევროჯასტს შორის თანამშრომლობის შედეგია.
საგამოძიებო ღონისძიებაში ერთობლივად იყო ჩართული აშშ-ის პენსილვანიის შტატის დასავლეთ რაიონის პროკურატურა და ფედერალური საგამოძიებო ბიუროს პიტსბურგის საველე ოფისი, ოპერაცია ჩაატარეს საქართველოს, უკრაინის, მოლდოვის, ვერდენის (გერმანია), ბულგარეთის პროკურატურებთან და ასევე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, უკრაინის პოლიციასთან, მოლდოვის გენერალური პოლიციის ინსპექტორატთან, გერმანიის ლუნბურგის პოლიციასთან, ბულგარეთის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის გენერალურ დირექტორატთან, ევროპოლთან და ევროჯასტთან ერთად.
საქართველოდან, აღნიშნულ ღონისძიებაში გენერალური პროკურატურასთან ერთად, შინაგან საქმეთა სამინისტრო მონაწილეობდა. ორი წლის მანძილზე, ამერიკელ კოლეგებთან ერთად ტარდებოდა საგამოძიებო მოქმედებები ტრანსნაციონალური ორგანიზებული კიბერდანაშაულის ქსელის იმ მონაწილეების გამოსავლენად და უტყუარი მტკიცებულებების მოსაპოვებლად, რომლებიც დანაშაულებრივ საქმიანობას საქართველოდან ახორციელებდნენ.
ამერიკელ კოლეგებთან ერთობლივი მუშაობის შედეგად იდენტიფიცირებულია კონკრეტული დაზარალებული კომპანიები და საქართველოში მყოფი ორი პირი. GozNym-ის ქსელის ლიდერის და ორგანიზატორის – ა.კ.-ს (რომელიც ცნობილია ზედმეტსახელით None), აგრეთვე მისი მთავარი ასისტენტის, მ.კ.-ს (რომელიც ცნობილია ზედმეტსახელით Phantom) მიმართ დაწყებულია სისხლისსამართლებრივი დევნა.
ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები ა.კ. და მ.კ., საქართველოს შს სამინისტროს თანამშრომლებმა 2019 წლის 8 მაისს მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. მათ იმავე დღეს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა.
კერძოდ, მათ ბრალად ედებათ აშშ-ს ათამდე კომპანიის მიმართ ჩადენილ შემდეგ დანაშაულებზე: კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევისთვის (საქართველოს სსკ-ის 284-ე მუხლი); კომპიუტერული სისტემიდან კომპიუტერული მონაცემების უნებართვოდ მოპოვებისა და მათი უკანონოდ შენახვა-გავრცელებისთვის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (158-ე მუხლი); კომპიუტერული მონაცემის და კომპიუტერული სისტემის უკანონოდ გამოყენებისთვის (285-ე მუხლი); ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი ქურდობისთვის, რამაც დიდი ოდენობით ზიანი გამოიწვია (177-ე მუხლი).
2019 წლის 9 მაისს საქართველოს გენერალური პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართა ა.კ.-ს (NONE-ს) და მ.კ.-ს (PHANTOM-ს) პირველი წარდგენის სხდომა და მათ აღკვეთი ღონისძიების სახით შეეფარდათ პატიმრობა“, – ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. მათივე ცნობით, საქმეზე სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელებას აგრძელებს საქართველოს გენერალური პროკურატურა.