ტრანსგენდერთა ხსოვნის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით თბილისში აქცია გაიმართა
ტრანსგენდერთა ხსოვნის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით თბილისში აქცია გაიმართა

ტრანსგენდერთა ხსოვნის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ღამით, თბილისში რამდენიმე ათეული ადამიანი შეიკრიბა. აქცის მონაწილეებმა საქართველოში ბოლო წლების მანძილზე გარდაცვლილი ტრანსგენდერი ადამიანების სახელებთან სანთლები დაანთეს და ლგბტ დროშა გამოსახეს. აქციის ბოლოს ცაში საჰაერო ფარნები გაუშვეს.

ტრანსგენდერი ქალის, საბი ბერიანის ცხედარი 2014 წლის 11 ნოემბერს, ხანძრის ჩასაქრობად გამოძახებულმა სამაშველო სამსახურმა აღმოაჩინა. საკუთარ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს, 2015 წლის 4 თებერვალს, 22 წლის ტრანსგენდერი ქალი ბიანკა შიგუროვაც. 2016 წლის ოქტომბერში, თავდასხმის შემდეგ საავადმყოფოში გარდაიცვალა 32 წლის ტრანსგენდერი ქალი, ზიზი შეყილაძე. 


ტრანსგენდერთა ხსოვნის დღე მსოფლიოში 1998 წლიდან აღინიშნება და ამერიკელი ტრანსგენდერი ქალის, რიტა ჰესტერის სასტიკ მკვლელობას უკავშირდება. 2009 წლის შემდეგ მსოფლიოში ტრანსგენდერი ადამიანების მკვლელობის 1000-ზე მეტი შემთხვევაა აღრიცხული.