„ტრანსფერენსი ინთერნეშენელი“ - პანდემიის პერიოდში ევროპაში კორუფციის კუთხით ვითარება გაუარესდა
პანდემიის პერიოდში ევროპაში კორუფციის კუთხით ვითარება გაუარესდა, – ამის შესახებ საერთაშორისო ორგანიზაცია „ტრანსფერენსი ინთერნეშენელის“ მიერ გამოქვეყნებულ კვლევაშია ნათქვამი, რომლის ფარგლებშიც ევროკავშირის 27 წევრ სახელმწიფოში 40 000-ზე მეტი მოქალაქე გამოკითხეს. კვლევა 2020 წელის ოქტომბერ-დეკემბერში ჩატარდა.
კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ პანდემიის დროს ევროკავშირის მოქალაქეთა ნაწილს სამედიცინო დახმარების მისაღებად პირადი კავშირების გამოყენება დასჭირდა, ხოლო ზოგიერთი ქვეყნის მთავრობამ კრიზისი საკუთარი მიზნების განსახორციელებლად გამოიყენა.
კვლევის მიხედვით, ევროპელების 29 პროცენტს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სერვისებთან წვდომის მისაღებად „კარგი კავშირების მქონე მეგობრების ან ოჯახის წევრების დახმარება დასჭირდა, ექვს პროცენტს კი, ქრთამის მიცემა მოუწია.
„იმ პერიოდში, როდესაც მთავრობები „კოვიდ-19“-ის კრიზისთან გამკლავებას ცდილობდნენ, ჯანდაცვა კორუფციის ცხელი წერტილი გახდა“, – ნათქვამია „ტრანსფერენსი ინთერნეშენელის“ ყოველწლიურ ანგარიშში, რომლის მიხედვით, ჯანდაცვის სფეროში ქრთამის მიცემის შემთხვევების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა რუმინეთსა (22%) და ბულგარეთში (19%), პირადი კავშირების გამოყენება კი ყველაზე ხშირად ჩეხეთსა (54%) და პორტუგალიაში (46%) უწევდათ.
ამასთან, ბევრი რესპონდენტი აცხადებდა, რომ მთავარობა პანდემიასთან გამკლავებას სათანადოდ გამჭვირვალედ ვერ ახერხებს. საფრანგეთში, ესპანეთსა და პოლონეთში ასე ფიქრობს რესპონდენტების 60 პროცენტი.
ანგარიშში ნათქვამია, რომ უნგრეთსა და პოლონეთში მთავრობა კოვიდპანდემიის კრიზისს საბაბად იყენებს „დემოკრატიისთვის ძირის გამოსათხრელად“, რასაც რეგულაციების დაწესებითა და დემოკრატიული ინსტიტუტების დასუსტებით ცდილობს.
კვლევაში მონაწილე ევროკავშირის მოქალაქეთა 62 პროცენტი მიიჩნევს, რომ კორუფცია მათი ქვეყნისთვის პანდემიის პერიოდში უფრო პრობლემატურ საკითხად იქცა.
ანგარიშის მიხედვით, ევროპელების 53 პროცენტი მიიჩნევს, რომ მათი ქვეყნის ხელისუფლება კერძო ინტერესებით მოქმედებს. ასე ფიქრობს სლოვენიელთა 70 პროცენტი, კვიპროსელების 68 პროცენტი და ჩეხების 67 პროცენტი.
ანგარიშის მიხედვით, ევროკავშირის მოქალაქეები ყველაზე კორუმპირებულად პარლამენტის წევრებს მიიჩნევენ. შემდეგ მოდიან მსხვილი კომპანიების მმართველები, ბანკირები და მთავრობის წევრები.