ტრანს-ანატოლიური მილსადენის ექსპლუატაციაში გაშვების ცერემონია 19 ივნისს გაიმართება
ტრანს-ანატოლიური მილსადენის (TANAP) ექსპლუატაციაში გაშვების ცერემონია 19 ივნისს გაიმართება. ამის შესახებ განცხადება აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია Socar-ის საინვესტიციო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ვაგიფ ალიევმა გააკეთა.
თურქული გამოცემა Hurriyet- ის ინფორმაციით, გაზსადენის ექსპლუატაციაში გაშვების ცერემონიალს თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ტაიპ ერდოღანი და აზერბაიჯანის ლიდერი ილჰამ ალიევი დაესწრებიან. გამოცემის თქმით, ამის შესახებ შეთანხმებას ორი ქვეყნის მეთაურებმა 25 აპრილს გამართულ შეხვედრაზე მიაღწიეს.
როგორც აზერბაიჯანის ნავთობკომპანიის საინვესტიციო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა განაცხადა, ტრანს-ანატოლიური გაზსადენი სტრატეგიული პროექტია, რომელსაც ამ პროექტის მონაწილე სახელმწიფოები სრულ მხარდაჭერას უცხადებენ. მისივე თქმით, გაზსადენით „შაჰდენიზის“ საბადოდან ყოველწლიურად 16 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის ექსპორტი განხორციელდება. მათ შორის 6 მილიარდი კუბური მეტრი თურქეთში და 10 მილიარდი კუბური მეტრი ევროპაში. მოგვიანებით გაზსადენით ტრანსპორტირებული აირის მოცულობა გაიზრდება.
ტრანს-ანატოლიური გაზსადენი საქართველო-თურქეთის საზღვრიდან, თურქეთის დასავლეთ საზღვრამდე გაივლის და შეუერთდება ტრანს ადრიატიკულ გაზასადენს, რომელიც ასევე არის “სამხრეთის დერეფნის” ნაწილი. ამ დერეფნით აზერბაიჯანიდან ბუნებრივ აირს, საქართველოსა და თურქეთის გავლით, ევროპა მიიღებს. დერეფნის ექსპლუატაციაში შესვლა 2020 წლისთვის არის დაგეგმილი.