ტრამპმა ხელი მოაწერა გადაწყვეტილებას, რომლითაც ნახევრადავტომატური იარაღის გასაძლიერებლად საჭირო მოწყობილობების გაყიდვა იკრძალება
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც იმ მოწყობილობების გაყიდვა იკრძალება, რომელსაც ნახევრადავტომატური იარაღის გასაძლიერებლად იყენებენ.
სწორედ ამ მოწყობილობის საშუალებით გახსნა ცეცხლი ლას ვეგასის სასტუმროზე თავდამსხმელმა გასული წლის ოქტომბერში და 58 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
ტრამპის განცხადებით, მან იუსტიციის დეპარტამენტს დაავალა, მოამზადონ კანონი, რომლითაც ეს აქსესუარი არალეგალური გახდება.
ამ აქსესუარის საშუალებით ნახევრადავტომატურ იარაღს შეუძლია, ცეცხლი ავტომატური იარაღის სიჩქარით გახსნას. მისი შეძენა კი ნებისმიერ მსურველს კრიმინალური წარსულის შემოწმების გარეშე 100 დოლარად შეუძლია.
რესპუბლიკელი პრეზიდენტის თქმით, სკოლების უსაფრთხოება მისი ადმინისტრაციის უმთავრესი პრიორიტეტია.
ამავდროულად, თეთრი სახლი აცხადებს მზაობას, თავიდან განსაზღვროს ცეცხლსასროლი იარაღის შეძენისათვის საჭირო ასაკობრივი ზღვარი. ამ დროისთვის აშშ-ის უმეტეს შტატში ეს ასაკი 18 წელია.
მანამდე კი ტრამპმა გამოხატა მზადყოფნა, მხარი დაუჭიროს კანონპროექტს, რომელიც იარაღის შეძენის მსურველის მონაცემებს გამკაცრებულად შეამოწმებს.
ამჟამად ნასამართლეობა, ფსიქიკური დაავადებები და სხვა მსგავსი ფაქტორები აშშ-ში იარაღის შეძენას ზღუდავს, თუმცა ეს სისტემა ყოველთვის არ მუშაობს და ხარვეზები ხშირად იკვეთება.