ტრამპმა ბაიდენს მიმართა - მთელი ქვეყანა ფეთქდება თქვენ გამო, მოქალაქეები პატივს არ გცემენ, მთელ მსოფლიოში არ გცემენ პატივს
აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ქვეყნის მოქმედ პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს არც ქვეყანაში და არც მსოფლიოში არ სცემენ პატივს.
ამის შესახებ მან ტელედებატების დროს თქვა.
როგორც ტრამპმა აღნიშნა, ბაიდენს პატივს სამხედროებიც არ სცემენ.
„როგორც ბევრი პოლიტიკოსი, ეს კაცი, უბრალოდ, წუწუნაა. მან თქვა: „ჩვენ ამას გავაკეთებთ, ჩვენ იმას გავაკეთებთო“, გვინდა, მოვიშოროთ ეს გადასახადები, თუმცა არაფერს აკეთებს. რასაც ეს კაცი აკეთებს, არის ის, რომ ჩვენი ქვეყანა აღარ არის უსაფრთხო მილიონობით ადამიანის შემოშვების გამო. ჩვენი სამხედროები მას პატივს არ სცემენ. სულელებივით გამოვიყურებით ავღანეთში. ვერ აღვკვეთეთ ისრაელში მომხდარი, ეს იყო ისეთი საშინელება, რაც არასდროს უნდა მომხდარიყო. ირანი გაკოტრებული იყო. ყველა, ვინც ირანთან საქმიანობდა, მათ შორის ჩინეთი, აშშ-თან საქმიანობას ვეღარ აწარმოებდნენ. ირანი გაკოტრებული იყო, მათ არ ჰქონდათ ფული „ჰამასისთვის“ ან „ჰეზბოლასთვის“, ტერორისთვის.
არასდროს უნდა მომხდარიყო ის, რაც უკრაინაში მოხდა. ამ ყველაფერზე ლაპარაკობს, მაგრამ არაფერი გაუკეთებია. სამ-ნახევარი წელია, ჯოჯოხეთში ვცხოვრობთ. ჩვენ გვყავს პალესტინელები და სხვები, რომლებიც ყველგან არეულობას აწყობენ. მთელი ქვეყანა ფეთქდება თქვენ გამო, მოქალაქეები პატივს არ გცემენ, არადა, უნდა სცენ პატივი თავიანთ პრეზიდენტს. თქვენ მთელ მსოფლიოში არ გცემენ პატივს.
რაც ჩვენ გავაკეთეთ, საოცარი იყო. ჩვენ აღვადგინეთ შეიარაღებული ძალები, ყველაზე მეტად შევამცირეთ გადასახადები და რეგულაციები. მიზეზი, რის გამოც გაიზარდა სამუშაო ადგილების რაოდენობა, არის ის, რომ მე შევამცირე რეგულაციები, რამაც დასაქმებას შეუწყო ხელი, თუმცა ის ბევრ ამ რეგულაციას აბრუნებს. ამ ყველაფრის გამო ჩვენ ვართ წარუმატებელ ქვეყანაში, თუმცა ეს ასე აღარ იქნება. ჩვენ მას კვლავ დიდებულს გავხდით“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.