ტრამპის საარჩევნო კამპანიის მრჩეველი ყალბს უწოდებს „ვაშინგტონ პოსტის“ ინფორმაციას, თითქოს დონალდ ტრამპს სურს, უკრაინას ყირიმისა და დონბასის დათმობა აიძულოს
აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატის, დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიის მრჩეველი ჯეისონ მილერი ყალბ ინფორმაციად აფასებს „ვაშინგტონ პოსტის“ მიერ გავრცელებულ სტატიას, რომელშიც გამოცემა უკრაინის „სამშვიდობო გეგმასთან“ დაკავშირებით დონალდ ტრამპის პოზიციაზე წერს.
„ნიუ-იორკ პოსტთან“ ინტერვიუში მილერი ირწმუნება, რომ ტრამპი არ დათანხმდება არცერთ სამშვიდობო გეგმას იქამდე, ვიდრე პრეზიდენტის პოსტს არ დაიკავებს და არ შეძლებს, ყველა არსებული ვარიანტი განსაჯოს.
„ეს ფეიკნიუსია „ვაშინგტონ პოსტისგან“. ისინი, უბრალოდ, იგონებენ ამას“, – განაცხადა მილერმა.
მისი თქმით, დონალდ ტრამპი „ერთადერთია, ვინც ამ მკვლელობების შეწყვეტაზე საუბრობს“.
ცოტა ხნის წინ „ვაშინგტონ პოსტმა“ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით დაწერა, რომ დონალდ ტრამპს სურს, უკრაინას ყირიმისა და დონბასის რუსეთისთვის დათმობა აიძულოს. როგორც სტატიაშია აღნიშნული, თეთრ სახლში დაბრუნების შემთხვევაში დონალდ ტრამპი აპირებს, ზეწოლა განახორციელოს კიევზე, რათა მან რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმი და დონბასი დათმოს.
„ვაშინგტონ პოსტი“ წერს, რომ ეს მიდგომა ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის პოლიტიკისგან რადიკალურად განსხვავდება. როგორც გამოცემას ანონიმური წყარო ეუბნება, ტრამპი მიიჩნევს, რომ რუსეთსაც და უკრაინასაც შექმნილი სიტუაციიდან გამოსვლა ისე სურთ, რომ ორივემ შეძლოს „სახის შენარჩუნება“ და რომ უკრაინის ზოგიერთი ნაწილის მცხოვრებლები არ არიან წინააღმდეგი, რუსეთის შემადგენლობაში აღმოჩნდნენ.
სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ ტრამპის ზოგიერთი მოკავშირე ცდილობდა, დაერწმუნებინა ტრამპი, უარი ეთქვა ამ მიდგომაზე, რადგან უკრაინის ნაწილზე რუსეთის კონტროლის აღიარება გააფართოებს ვლადიმერ პუტინის გავლენის სფეროს.
„ვაშინგტონ პოსტთან“ საუბარში რესპუბლიკელი სენატორი ლინდსი გრემი აცხადებს, რომ ის „საკუთარი დროის 100 პროცენტს ხარჯავს ტრამპთან უკრაინის შესახებ დიალოგში“. გრემი მიიჩნევს, რომ პუტინმა უნდა გადაიხადოს გარკვეული საფასური და მან არ უნდა გაიმარჯვოს ომში. მისივე მოსაზრებით, ომის დასრულება შესაძლებელია მხოლოდ უკრაინის ნატო-სა და ევროკავშირში შესვლის გზით, თუმცა ლინდსი გრემი ამბობს, რომ ტრამპი ამაზე ძალიან ცოტას ლაპარაკობს.