ტრამპის „ნულოვანი ტოლერანტობის“ პოლიტიკა მიგრანტების მიმართ დროებით შეჩერებულია
ტრამპის „ნულოვანი ტოლერანტობის“ პოლიტიკა მიგრანტების მიმართ დროებით შეჩერებულია

ამერიკის შეერთებულ შტატებში მიმდინარე წლის მაისში დაწყებული „ნულოვანი ტოლერანტობის“ პოლიტიკა არალეგალი მიგრანტების მიმართ შეჩერდა.

ოფიციალური განცხადება ამის შესახებ ტეხასის შტატში აშშ-ის საზღვრის დაცვისა და უსაფრთხოების განყოფილების კომისარმა კევინ მაკალენანმა გაავრცელა.

აღნიშნული გადაწყვეტილება 20 ივნისს დონალდ ტრამპის მიერ ხელმოწერილ განკარგულებას მოჰყვა, რომლის ფარგლებშიც ოჯახების განცალკევების პოლიტიკა დასრულდა.

თავდაპირველად, პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ განცალკევების პოლიტიკის დასრულების მიუხედავად, საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის მიგრანტებს კვლავ დააკავებენ, თუმცა დღეიდან არალეგალი მიგრანტების სამართლებრივი დევნა აშშ-მექსიკის საზღვრის გადაკვეთისთვის დროებით შეწყდა.

ამის მიზეზი სწორედ პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილ განკარგულებასთან დაკავშირებული სამართლებრივი დილემაა. მას შემდეგ, რაც განცალკევების პოლიტიკას წერტილი დაესვა, მიგრანტებს, რომლებსაც არასრულწლოვნები თან ახლავთ, ფედერალურ ციხეებში ვეღარ წაიყვანენ, რადგან ბავშვის მოთავსება სრულწლოვანთა ციხეში მშობელთან ერთად აშშ-ის კანონმდებლობით იკრძალება.

კევინ მაკალენანის განცხადებით, მისი დეპარტამენტი და აშშ-ის იურსტიციის დეპარტამენტი ახალ სტრატეგიაზე მსჯელობს, რომლის თანახმადაც აშშ-ის საზღვრის დარღვევისთვის მიგრანტს ვალდებულება ისე უნდა დაეკისროს, რომ არც პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი განკარგულება დაირღვეს და არც ბავშვის უფლებები შეილახოს.

„ნულოვანი ტოლერანტობა“ არალეგალი მიგრანტების მიმართ მიმდინარე წლის მაისში აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა ჯეფ სეშენსმა გამოაცხადა. ბოლო 8 კვირის განმავლობაში აშშ-მექსიკის საზღვარზე 2 000-მდე მიგრანტი დააკავეს, რომლებმაც საზღვარი უკანონოდ გადაკვეთეს. მათი თანხმლები არასრულწლოვნები (1800-დან 2200-მდე) სპეციალურ თავშესაფარში გადაიყვანეს. ოჯახების განცალკევების პოლიტიკას ამერიკის შეერთებულ შტატებში დიდი მღელვარება და კრიტიკა მოჰყვა. ტრამპის პოლიტიკა თავად შეერთებული შტატების პირველმა ლედიმ, მელანია ტრამპმა გააკრიტიკა. საზოგადოებრივი ზეწოლის შედეგად პრეზიდენტმა განკარგულებას ხელი 20 ივნისს მოაწერა.