ტრამპის მეორე იმპიჩმენტი - ვინ გაასამართლებს აშშ-ის 45-ე პრეზიდენტს
დონალდ ტრამპი ისტორიაში შევიდა, როგორც აშშ-ის ერთადერთი პრეზიდენტი, რომელსაც იმპიჩმენტი ორჯერ გამოუცხადეს, – ამის შესახებ „ბიბისის“ მიერ გამოქვეყნებულ სტატიაშია აღნიშნული.
„ბიბისი“ წერს, რომ 2020 წელს სენატმა ტრამპს ბრალად სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება და მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლა წაუყენა, წელს კი აშშ-ის 45-ე პრეზიდენტის მიმართ ერთადერთი ბრალია წაყენებული – ამბოხის წაქეზება.
დონალდ ტრამპის მეორე იმპიჩმენტი დღეს, აშშ-ის დროით შუადღისას, ხოლო თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება. ყოფილ პრეზიდენტს ბრალს ცხრა დემოკრატი კონგრესმენი წაუყენებს, რომელთაც წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი აირჩევს.
ტრამპის მეორე იმპიჩმენტისთვის აუცილებელი დოკუმენტაცია, კერძოდ ბრალდების მუხლი, სენატში 25 იანვარს წარადგინეს. ამის შემდეგ კონგრესის ზედა პალატაში დემოკრატიული პარტიის უმრავლესობის ლიდერი ჩაკ შუმერი და რესპუბლიკელების უმცირესობის მეთაური მიტჩ მაკკონელი შეთანხმდნენ, რომ ტრამპის იურისტებს ექნებათ დამატებითი დრო, რათა საკუთარი შუამდგომლობა მოამზადონ, რომლითაც ექსპრეზიდენტისთვის წაყენებულ ბრალს უარყოფენ.
80-გვერდიანი დოკუმენტი, რომელშიც დემოკრატების შეფასებით, დონალდ ტრამპის მიერ ჩადენილი დანაშაულია აღწერილი, სენატს 2 თებერვალს გადაეგზავნა. 8 თებერვალს კი დონალდ ტრამპის იურისტებმა საკუთარი პოზიცია დააფიქსირეს. მათი მტკიცებით, იმ პრეზიდენტის იმპიჩმენტი, რომელმაც უკვე დატოვა თანამდებობა, არაკონსტიტუციურია, ხოლო ყოფილი პრეზიდენტის განცხადება, სადაც ტრამპმა მომხრეებს მოუწოდა, არ აღიარონ არჩევნების შედეგები და „ბოლომდე იბრძოლონ“, აშშ-ის კონსტიტუციის პირველი შესწორებითაა დაცული.
რაც შეეხება იმპიჩმენტის პროცედურებს, პროცესზე, რომელიც თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება, თითოეული მხარისთვის პოზიციების დასაბუთებისთვის ოთხი საათი იქნება გამოყოფილი. ამის შემდეგ წარმომადგენელთა პალატაში კენჭისყრა გაიმართება, რომელიც განსაზღვრავს, აქვს თუ არა სენატს უფლება, განიხილოს იმ პრეზიდენტისთვის წაყენებული ბრალდება, რომელმაც უკვე დატოვა თანამდებობა. სენატში 100 კანონმდებელია, გადაწყვეტილების მისაღებად კი 51 ხმა იქნება საჭირო.
სენატორები პროცესის გამართვის შესახებ გადაწყვეტილებას თუ დაეთანხმებიან, მხარეებს საკუთარი პოზიციების წარსადგენად 16 საათი ექნებათ. პროტოკოლის მიხედვით, თითოეულ მხარეს დღეში არგუმენტების წარსადგენად მხოლოდ რვა საათი აქვს გამოყოფილი, ამასთან, ერთსა და იმავე მხარეს ეკრძალება პოზიციების ზედიზედ ორი დღის განმავლობაში დასაბუთება.
მხარეების მიერ პოზიციების წარდგენის შემდეგ, სენატორები მათ კითხვებს დაუსვამენ, რისთვისაც ოთხი საათი გამოიყოფა. კითხვა-პასუხის დასრულების შემდეგ, სენატორებს გადაწყვეტილების მისაღებად, მოითხოვენ თუ არა ისინი დამატებით მტკიცებულებებს, კიდევ ოთხი საათი მიეცემათ.
იმპიჩმენტის პროცესის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის მთელი იურიდიული გუნდი გადადგა. მათ ნაცვლად პროცესში მონაწილეობას მიიღებენ ადვოკატები დევიდ შოენი და ბრიუს კასტორი. ადვოკატების განცხადებით, თავად დონალდ ტრამპი სენატში ჩვენების მიცემას არ აპირებს, რადგან იმპიჩმენტის პროცედურას არაკონსტიტუციურად მიიჩნევს.
კონგრესმენი რასკინი, რომელიც ტრამპის იმპიჩმენტის პროცესში ბრალდების მხარეს წარმოადგენს, მიიჩნევს, რომ სენატს სრული უფლება აქვს ექსპრეზიდენტი ამბოხის წაქეზებისთვის გაასამართლოს. თუმცა, როგორც „ბიბისი“ წერს, ვაშინგტონში მიაჩნიათ, რომ ტრამპის მეორე იმპიჩმენტი ყოფილი პრეზიდენტის გასამართლებით არ დასრულდება, რადგან ამისთვის დემოკრატებს 17 რესპუბლიკელის მხარდაჭერა სჭირდებათ.
რამდენიმე დღის წინ სენატში გამართულ კენჭისყრაზე, რომელზეც დაისვა საკითხი კონსტიტუციურია თუ არა ტრამპის მიმართ წაყენებული ბრალი, დემოკრატებს ხუთი რესპუბლიკელი მიემხრო. როგორც ამერიკული მედია ვარაუდობს, ძალთა ბალანსი იმპიჩმენტის დროსაც არ შეიცვლება.
იმ შემთხვევაში, თუ სენატი დონალდ ტრამპისთვის ბრალის წაყენებას მხარს დაუჭერს, მომდევნო ნაბიჯი ყოფილი პრეზიდენტისთვის ნებისმიერი თანამდებობის აკრძალვა იქნება, რისთვისაც სენატის უმრავლესობის თანხმობა საკმარისია.