ნავთობზე ფასის შემცირების მიუხედავად, შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თვლის, რომ ნავთობის ფასი მაინც ძალიან მაღალია და ამაში ნავთობის უმსხვილესი ექსპორტიორი ქვეყნების კარტელს, ოპეკ-ს მიუძღვის ბრალი.
ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ტრამპის ტვიტერზე გაკეთებულ კომენტარზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ნავთობის ფასები ძალიან მაღალია და აქ ისევ ოპეკ-ის ხელი ურევია. ცუდია“, -ეს სტატუსი ტრამპმა სოციალური ქსელის, „ტვიტერის “ საკუთარ გვერდზე დღეს გამოაქვეყნა.
ოპეკ-ს ნავთობის ფასის გამო ტრამპმა აპრილშიც უსაყვედურა, თუმცა მაშინ ფასი დღევანდელზე გაცილებით დაბალი იყო.
„როიტერის“ მიხედვით, ნავთობის ფასი 60 პროცენტით გაიზრდა მას შემდეგ, რაც გასულ წელს ოპეკ-ის წევრი და არაწევრი ნავთობის მწარმოებელი ქვეყნები, მათ შორის რუსეთიც, ნავთობის მოპოვების შემცირებაზე შეთანხმდნენ. ამ გადაწყვეტილების მიზანი ბაზარზე ჭარბი მიწოდების შემცირება და ფასის გაზრდა იყო.
ფასი მართლაც დარეგულირდა, თუმცა ბოლო პერიოდში ნავთობის ფასმა მკვეთრი ზრდა დაიწყო და თითქმის ბოლო სამი წლის მაქსიმუმზე ავიდა.
ფასის ზრდას ანალიტიკოსები ირანის ბირთვული შეთანხმებიდან შტატების გასვლას და ვენესუელაში მოპოვების შემცირებას მიაწერენ.
როგორც ცნობილია, გასულ თვეში ირანის შეთანხმების დატოვების შემდეგ, შტატებმა ნავთობის ექსპორტიორებში რიგით მესამე უმსხვილეს ქვეყანაზე, ირანზე ეკონომიკური სანქციების აღდგენა დააანონსა, რასაც ფასის ზრდა მოჰყვა.
ნავთობის ფასის ზრდას ბენზინზე ფასის ზრდაც მოჰყვა, რის შედეგადაც შტატების ეკონომიკური გამოწვევები გამძაფრდა. მთელი ქვეყნის მასშტაბით ბენზინის ფასი გალონზე 3 დოლარი დაფიქსირდა, თუმცა ფასი ჯერ კიდევ შორსაა 2007-2009 წლების რეცესიის დროს დაფიქსირებული პიკისგან, როდესაც გალონი 4 დოლარი ღირდა.
ბაზრის დარეგულირების მიზნით, ტრამპის ადმინისტრაციამ თავის მოკავშირეს და ნავთობის უმსხვილეს ექსპორტიორ ქვეყანას, საუდის არაბეთს წარმოების გაზრდა სთხოვა. საუდის არაბეთმა და რუსეთმა განაცხადეს, რომ მზად არიან განიხილონ მოპოვების ლიმიტის ზრდის საკითხი, რასაც მაისის ბოლოს ნავთობის ფასის შემცირება მოჰყვა. საერთო ჯამში ფასი 9,5 პროცენტით შემცირდა და თუ ერთი ბარელი ამერიკული ნავთობი 22 მაისს 73 დოლარი ღირდა, დღეს ფასი 66 დოლარზე ჩამოვიდა. თუმცა ტრამპი ფასით მაინც უკმაყოფილო დარჩა.
ანალიტიკოსები ჯერ კიდევ ვერ აკეთებენ პროგნოზს, თუ როგორი იქნება ფასები 2018 წლის დარჩენილ პერიოდში. ოპეკ-ი 22-23 ივნისს ვენაში დაგეგმილ შეხვედრაზე, დიდი ალბათობით, ნავთობის მოპოვების ზრდას განიხილავს და ფასის სავარაუდო პროგნოზის გაკეთებაც მას შემდეგ მოხერხდება.