ტრამპი - აშშ-მ თავისუფლება დიდი მსხვერპლის გაღებისა და თავდადების ფასად მოიპოვა
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. მან ვიდეომიმართვაში ყურადღება ამერიკელი გმირების მიერ მსხვერპლად გაღებულ სიცოცხლეზე გაამახვილა, რის საფუძველზეც აშშ-მ დამოუკიდებლობა 1776 წლის 4 ივლისს მოიპოვა.
„ძვირფასო ამერიკელებო, 242 წლის წინ 56-მა მამაცმა ამერიკელმა ჩვენი დამოუკიდებლობის დეკლარაცია შეიმუშავა და მსოფლიოს აცნობა, რომ იმ დღიდან ამერიკის შეერთებული შტატები დამოუკიდებელი და თავისუფალი სახელმწიფოა. მათ ამ ნაბიჯით კაცობრიობის ისტორიის კურსი შეცვალეს. ჯორჯ ვაშინგტონი მის უძლიერეს ჯართან ერთად დიდხანს იბრძოდა ამ თავისუფლებისთვის და ჩვენ მოვიპოვეთ თავისუფლება დიდი მსხვერპლის გაღებისა და თავდადების ფასად“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
ამერიკის შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ 4 ივლისს ყოველი ამერიკელი ოჯახთან ერთად აღნიშნავს და მოუწოდა მათ, მუდამ ახსოვდეთ, რის ფასად მოიპოვეს ამერიკელმა გმირებმა დამოუკიდებლობა, მუდამ ახსოვდეთ შეიარაღებული ძალები, რომლებიც მთელ ცხოვრებას ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეების უსაფრთხოებას სწირავენ.
„ჩვენ ყოველთვის ვიყავით და მარად ვიქნებით ერთი ხალხი, ერთი ოჯახი – ღირსეული ერი დედამიწაზე. ღმერთმა დალოცოს ამერიკა!“ – ამ სიტყვებით დაასრულა დონალდ ტრამპმა დამოუკიდებლობის დღის მილოცვა.