„ტრამპ თაუერის“ ნაცვლად ბათუმის სანაპიროზე „სილქ თაუერი“ აშენდება
„ტრამპ თაუერის“ ნაცვლად ბათუმის სანაპიროზე „სილქ თაუერი“ აშენდება

„ტრამპ თაუერის“ ნაცვლად ბათუმის სანაპიროზე „სილქ თაუერი“ აშენდება, მიმდებარე ტერიტორიაზე კი „ბათუმის რივიერა“ მოეწყობა.

„ბათუმი რივიერას“ გენერალური გეგმის პრეზენტაცია დღეს გაიმართა. პროექტი ექვს ჰექტარ ფართობს მოიცავს და ტერიტორიაზე ექვსი შენობისა და სხვადასხვა ტურისტული ობიექტის -კორტების, აუზების, გასართობი და დასასვენებელი ცენტრების მოწყობას ითვალისწინებს.

პროექტი ოთხ ფაზად განხორციელდება. პირველი ეტაპის ღირებულება 65 მილიონი დოლარია და მოიცავს „სილქ თაუერის“, იახტკლუბის, ხელოვნური ტბისა და ორი ჰექტარი ფართობის პარკის მოწყობას ითვალისწინებს. პარკი სახელმწიფოს საკუთრებაში დარჩება, როგორც ბულვარის ნაწილი. ტერიტორიას მიენიჭება სარეკრეაციო ზონის სტატუსი.

ხელოვნური ტბა დაუკავშირდება იახტ ლუბს და მასში შესვლა იახტებით იქნება შესაძლებელი. ბათუმის იახტკლუბში სამი მილიონი დოლარის ინვესტიცია იგეგმება, რაც მის კეთილმოწყობას ითვალისწინებს.

„ბათუმი კარგავს ძალიან საინტერესო ტურისტულ სეგმენტს, რადგან იახტკლუბი ფაქტობრივად არ არის. ახალ იახტკლუბში იქნება ყველა პირობა იახტების მიღების, საწვავით აღჭურვისა და სხვა სერვისებისთვის“, -განაცხადა პროექტის დირექტორმა გოგა კაპანაძემ.

პროექტს „ბათუმი რივიერა“ ახორციელებს „სილქ როუდ ჯგუფი“ „თანაინვესტირების ფონდის“ მხარდაჭერით.

პროექტი წლის ბოლომდე დასრულდება, რის შემდეგაც დაიწყება უშუალოდ მშენებლობა.