ტრაბზონში რუსეთის საკონსულო - მიმდინარე წლის აგვისტოში საკონსულო რუსეთის მოქალაქეების საქართველოში შესვლაზე უარს პრაქტიკულად ყოველდღე აფიქსირებს
ტრაბზონში მდებარე რუსეთის გენერალური საკონსულო რუსეთის მოქალაქეებს თურქეთიდან საქართველოში შესვლასთან დაკავშირებით აფრთხილებს.
როგორც გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ბოლო დროს გახშირდა რუსეთის მოქალაქეთა შეშვებაზე უარის შემთხვევები „სარფში“, თურქეთ-საქართველოს საავტომობილო გამშვებ პუნქტზე.
„ქართველი მესაზღვრეების უარი, როგორც წესი, არაფრითაა დასაბუთებული, უარის მიზეზი არ განიმარტება. რუსეთის მოქალაქეთა შორის, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე არ დაუშვეს ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალური ოლქის მცხოვრებნი, ასევე ყირიმის რესპუბლიკის, დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების მცხოვრებნი არიან, რომელთაც რუსეთის მოქალაქეობა აქვთ“, – ვკითხულობთ განცხადებაში.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ხშირად, უარს იღებენ რუსეთის სხვა რეგიონებში მცხოვრები მოქალაქეებიც, რომლებიც თურქეთში პირადი ავტომობილით ჩავიდნენ.
„მიმდინარე წლის აგვისტოში გენერალური საკონსულო საქართველოში შესვლაზე უარს პრაქტიკულად ყოველდღე აფიქსირებს“, – აღნიშნულია საკონსულოს განცხადებაში.
საკონსულო მოუწოდებს მოქალაქეებს, გაითვალისწინონ ეს გარემოება.