თოვლის გამო, ხულოს მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელს ელექტროენერგია არ მიეწოდება
აჭარის მაღალმთიანეთში თოვს, რის გამოც ხულოს მუნიციპალიტეტში სოფლებს თხილვანას, დიოკნისისა და რიყეთის მცხოვრებლებს ელექტროენერგია არ მიეწოდებათ.
ხულოს მერიაში აცხადებენ, რომ გვიან ღამით თოვლის მოსვლამ მუნიციპალიტეტის ცალკეულ სოფლებში ელექტროსადენების დაზიანება გამოიწვია. ამ დროისათვის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.
რაც შეეხება საავტომობილო მიმოსვლას, თოვლს შეფერხება არ გამოუწვევია.
„ხულოს მუნიციპალიტეტში თოვა გუშინ გვიან ღამით დაიწყო. თოვლის საფარმა ამ დროისთვის გოდერძის უღელტეხილზე 50 სმ-ს, მაღალი ზონის სოფლებში 15-20 სმ-ს, ხოლო დაბის ტერიტორიაზე 1-2 სმ-ს მიაღწია. საავტომობილო მიმოსვლა სოფლებში არ შეფერხებულა. გვიან ღამით ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა ფუშრუკაულის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებს. სამუშაოების ჩატარების შემდეგ, აღნიშნულ სოფლებში ელექტროენერგიის მიწოდება დილიდანვე განახლდა. ამ დროისთვის ელექტროენერგიის გარეშეა თხილვანის, რიყეთისა და დიოკნისის ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალი რამდენიმე სოფელი, სადაც მიმდინარეობს სამუშაოები და ელექტროენერგიის მიწოდება მალე განახლდება“, – აცხადებენ მერიაში.
უწყების ინფორმაციით, სკოლებსა და საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი ჩვეულ რეჟიმში გრძელდება და თოვლის გამო ამ მხრივ შეფერხება არ არის.