„ტოტენჰემი“ ჯოვანი ლო სელსოს სანაცვლოდ 60 მილიონ ევროს იხდის
„ტოტენჰემი“ ჯოვანი ლო სელსოს სანაცვლოდ 60 მილიონ ევროს იხდის

„ტოტენჰემი“ მზად არის, რეალ „ბეტისის“ ნახევარმცველი ჯოვანი ლო სელსო 60 მილიონ ევროდ შეიძინოს, თუმცა არგენტინელს კონტრაქტში გამოსასყიდ თანხად 100 მილიონი ევრო უწერია და ნაკლებად სავარაუდოა, რომ ანდალუსიური კლუბი ლონდონელთა ამ შეთავაზებას დათანხმდეს, – იტყობინება ბრიტანული სამაუწყებლო კორპორაცია (BBC).

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ „ტოტენჰემს“ 23 წლის ფეხბურთელის შესაძენად სხვა ინგლისურ კლუბებთანაც მოუწევს პაექრობა.

2018 წლის იანვარში „პარი სენ-ჟერმენიდან“ ლუკას მოურას 26 მილიონ ევროდ შეძენის შემდეგ, ლონდონელებს არცერთი ფეხბურთელი აღარ დაუმატებიათ, მათი სარეკორდო შენაძენი კი დავინსონ სანჩესია, რომელშიც 2017 წელს 48 მილიონი ევრო გადაიხადეს.

რაც შეეხება ლო სელსოს, 2018 წლის აგვისტოში ის „რეალ ბეტისს“ „პარი სენ-ჟერმენიდან“ იჯარის წესით შეუერთდა, მიმდინარე წლის აპრილში კი ესპანელებმა ფეხბურთელი 22 მილიონ ევროდ შეიძინეს.

არგენტინელმა „ბეტისში“ ჩატარებულ 45 მატჩში 16 გოლი გაიტანა და ექვსი საგოლე გადაცემა შეასრულა.

წლევანდელი კოპა ამერიკასთვის ის არგენტინის ნაკრების შემადგენლობაშიც გამოიძახეს.