„ტორპედოს" მწვრთნელი „შერიფთან" მოგებაზე - სასიხარულოა გამარჯვება, მაგრამ მძიმე განმეორებითი თამაში გველის
ქუთაისის “ტორპედომ” საკუთარ მოედანზე მოლდოვის ჩემპიონი, ტირასპოლის “შერიფი” 2:1 დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გასვლის შანსი გაუჩნდა.
ქუთაისელთა მთავარი მწვრთნელის, კახა ჩხეტიანის განცხადებით, ფეხბურთელების ნაწილი ოპტიმალურ ფორმაში არ არის, განსაკუთრებით ახლახან დამატებულები და ეს გახდა მეორე ტაიმში ხარვეზების მიზეზი.
„მთლიანობაში ძალიან სასიხარულოა, რომ გავიმარჯვეთ, მაგრამ მოლდოვაში დღევანდელზე მძიმე განმეორებითი თამაში გველის. გამოსასწორებელი ბევრი რამაა და შევეცდებით, რომ გუნდი უფრო შევათამაშოთ. მადლობა გულშემატკივარს გვერდში დგომისთვის – შევეცდებით კიდევ უფრო მეტად გავახაროთ. ეს მხოლოდ ჩვენი კი არა, საქართველოს გამარჯვებაცაა. გუნდის გაძლიერებაზეც ვფიქრობთ, მოლაპარაკებებიც მიმდინარეობს და შესაძლოა, შემდეგი შეხვედრისთვის თავდამსხმელიც დავიმატოთ” – ამბობს ჩხეტიანი.
შეგახსენებთ, რომ “ტორპედოსა” და შერიფის” განმეორებითი შეხვედრა 18 ივლისს ტირასპოლში გაიმართება.