„ტორპედოს“ მთავარი მწვრთნელი - „შერიფთან“ მთელი გუნდით დაცვაში ჩადგომას არ ვაპირებთ
დღეს, ქუთაისის „ტორპედომ“ „შერიფთან“ მატჩისწინა ბოლო ვარჯიში ტირასპოლის სტადიონზე ჩაატარა, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა და კაპიტანმა კი პრესკონფერენცია გამართეს.
ქუთაისის „ტორპედოს“ მთავარი მწვრთნელი კახა ჩხეტიანი აცხადებს, რომ ხვალინდელი შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია.
„გუნდის უკლებლივ ყველა წევრს გათვიცნობიერებული აქვს, ეს მატჩი ჩვენი ქვეყნისთვის რაოდენ მნიშვნელოვანია. ტირასპოლში 4 დღით ადრე ჩამოხვედით, როცა გუნდები, როგორც წესი, ამას 1-2 დღით ადრე აკეთებენ, ეს იმიტომ გადავწყვიტეთ, რომ აკლიმატიზაცია უკეთ გაგვევლო და აქაურობას შევჩვეოდით. შინ 2:1 მოიგეთ. თუმცა, ეს არ. ნიშნავს, რომ ხვალ მთელი გუნდით დაცვაში ჩადგომას და უკნიდან თამაშს ვაპირებთ. ერთს ვიტყვი, რომ გუნდი სრულ მზადყოფნაშია და ვეცდებით, ქართველ ხალხს ხვალ სიხარული მივანიჭოთ“, – აცხადებს ჩხეტიანი.
ქუთაისის „ტორპედოს“ კაპიტანი როინ კვასხვაძე ამბობს, რომ ფეხბურთელები ბოლომდე დაიხარჯებიან.
„სამი დღეა, ტირასპოლში ვართ და ამ მნიშვნელოვანი მატჩისთვის ვემზადებით. 2:1 ის ანგარიში არაა, რომელიც წყნარად ყოფნის საშუალებას მოგვცემს, ამიტომ, ხვალინდელ მატჩს სრული სერიოზულობით ვეკიდებით. „შერიფი“ ძალიან კარგი გუნდია და ვიცით, რომ იოლი შეხვედრა არ გველის, თუმცა ყველაფრისთვის ვემზადეთ. გუნდში საბრძოლო განწყობაა და დიდი იმედი მაქვს, რომ ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩვენ გავალთ. საამისოდ, ფეხბურთელები ყველაფერს ვიზამთ“, – აღნიშნა მან.
ქუთაისის „ტორპედო“ გასვლაზე ტირასპოლში „შერიფს“ ხვალ, 18 ივლისს, დაუპირისპირდება. ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი შეხვედრა საქართველოს ჩემპიონმა ქუთაისში 2:1 მოიგო და შემდეგ ეტაპზე გასვლის რეალური შანსი აქვს.