„ტორპედოს“ მთავარი მწვრთნელი - ფარერელებთან მხოლოდ გამარჯვებისთვის ვითამაშებთ
ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე, ქუთაისის „ტორპედო“ ხვალ ფარერების გუნდს, „ვიკინგურს“ შეხვდება.
გუნდის მთავარმა მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა წინასამატჩო პრესკონფერენცია გამართა და აღნიშნა, რომ ფარერელებთან მხოლოდ გამარჯვებისთვის ითამაშებენ.
„გუნდი ხვალინდელ შეხვედრას სრულ მზადყოფნაში ხვდება და მხოლოდ გამარჯვებისთვის ითამაშებს. ტრავმა მოიშუშა გრიგოლ დოლიძემ, რომელიც გუნდთან ერთად ვარჯიშობს და ხვალ 18-კაციან განაცხადშიც იქნება. თორნიკე კაპანაძემ, სამწუხაროდ, ტრავმების გამო შესაძლებლობები ვერ გამოავლინა, მაგრამ ხვალინდელი მატჩისთვის მზადაა. თორნიკე ის ფეხბურთელია, რომელიც ნებისმიერ წუთს მზადაა, გუნდის წარმატებაში თავისი წვლილი შეიტანოს და მოედანზე ბოლომდე დაიხარჯოს. მეტოქე კი, ისევე როგორც ყველა მოწინააღმდეგე, დაფასებას იმსახურებს. ექსპერიმენტების დრო არ გვაქვს. ევროპა ლიგაა, ქვეყნის სახე ვართ და ჩვენი მხრიდან არასერიოზული იქნება, ეს მატჩი ექსპერიმენტებისთვის რომ გამოვიყენოთ. არაერთი მაგალითი გვაქვს იმისა, თუ რა მოაქვს არასერიოზულ დამოკიდებულას“, – ამბობს „ტორპედოს“ მთავარი მწვრთნელი.
კახა ჩხეტიანმა ლეგიონერებზეც ისაუბრა.
„გუნდში ამდენი ტრანსფერი ჩვენი მიზნებიდან გამომდინარეობს. ამ ფეხბურთელებმა „ტორპედოს“ წარმატებაში თავისი წვლილი უნდა შეიტანონ. გარდა ამისა, მათი აქ ყოფნა ჩვენი ფეხბურთელებისთვის დამატებითი მოტივაციაა. გვინდოდა, კონკურენტუნარიანი გუნდი გვყოლოდა, რადგან წარმატება ყოველთვის იქაა, სადაც კონკურენციაა. დღეს ასეთი გუნდი გვყავს და კარგი ლეგიონერით უკმაყოფილო არც გულშემატკივარი იქნება“, – განაცხადა კახა ჩხეტიანმა.