„ტორპედოს“ მეტოქის მწვრთნელი - მოწინააღმდეგის დაუფასებლობა დაუშვებელია
ტირაპოლის “შერიფის” მთავარმა მწვრთნელმა, გორან საბლიჩმა ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრის შედეგებზე კომენტარი გააკეთა.
შეგახსენებთ, რომ მოლდოვას ჩემპიონი ქუთაისის “ტორპედოს” დაუპირისპირდება. პირველი მატჩი ქუთაისში 10 ივლისს გაიმართება, ხოლო განმეორებითი – 17 ივლისს ტირასპოლში.
„წილისყრით კმაყოფილი ვარ. ყველა მეტოქე სერიოზული იყო და გამონაკლისი არც ქუთაისის “ტორპედოა“. ჩვენი ამჟამინდელი ამოცანა პირველი ეტაპის გადალახვაა. ჩვენს გუნდს ყველა ის უნარი აქვს, რომ ეს შევძლოთ. ფეხბურთელობისას, ქართულ გუნდთან, “ტორპედოსთან” არასოდეს მითამაშია, თუმცა ვიცი, რომ ქართველებს შემტევი ფეხბურთი უყვართ.
რა თქმა უნდა, მეტოქეს პატივისცემით უნდა მოვექცეთ, რათა მომავალ შეხვედრებში დაუფასებლობა არ დავუშვათ. პირველი მატჩი საქართველოში გაიმართება, მაგრამ სახლში ვითამაშებთ, თუ გასვლაზე, ამას პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, კარგად მოვემზადოთ და ორივე მატჩში მაქსიმალურად დავიხარჯოთ” – ამბობს “შერიფის” მთავარი მწვრთნელი.