„ტორპედოს“ კაპიტანმა გულშემატკივრებს მიმართა - ქუთაისელი ფანები წარუმატებლობაზე პასუხისმგებლობას მწვრთნელს აკისრებენ #1TVSPORT
ქუთაისის „ტორპედოს“ კაპიტანმა, მერაბ გიგაურმა გუნდის გულშემატკივრებს მიმართა და, ბოლოდროინდელი წარუმატებლობის მიუხედავად, მოუწოდა, რომ გუნდს ბოლომდე გვერდში დაუდგნენ.
ქუთაისელი ფანები კი წარუმატებლობაზე პასუხისმგებლობას მწვრთნელს, როი კინს აკისრებენ და ამბობენ, რომ სანამ ის „ტორპედოს“ მწვრთნელია, „ჯუნგლები“ ტრიბუნას ტოვებენ.
„2010 წლიდან დღემდე ამ კლუბის მაისურით არაერთი სეზონი ჩავატარე. წლების განმავლობაში არაერთ სირთულესთან გამკლავება მოგვიწია, ბევრად მძიმე დღეები გვქონია, თუმცა ყველა ჯერზე ერთად დგომით დღევანდელ დღემდე მოვედით… „ტორპედოს“ მაისურით გამართული თითოეული მატჩი, თითოეული წამი ჩემთვის საამაყოა და თქვენ ეს კარგად იცით.
წელს უკვე მოვიპოვეთ ერთი ტიტული, თუმცა გვაქვს შანსი, სეზონი კიდევ ერთი, ამ ეტაპზე ჩვენთვის მთავარი ტიტულით დავასრულოთ. მენდეთ, თითოეული ფეხბურთელისთვის ის მხარდაჭერა, რომელსაც თქვენგან ვგრძნობთ, უმნიშვნელოვანესია. ვაფასებთ იმას, რასაც ჩვენთვის აკეთებთ და მოედანზე სწორედ თქვენთვის გავდივართ.
როგორც კაპიტანი, თავს უფლებას ვაძლევ და გუნდის სახელით მოგმართავთ თხოვნით: ახლა, როცა სეზონის დასკვნით ნაწილში ვართ და როცა სასწორზე ბევრი რამაა, მათ შორის, ქვეყნის ჩემპიონობა, ერთმანეთის გარეშე ნუ დავრჩებით და ეს გზა ისევ ერთად გავაგრძელოთ.
ჩვენ, როგორც გუნდი, სრულად ვიაზრებთ ჩვენს პასუხისმგებლობას. აუცილებლად გვექნება დრო ერთმანეთთან ყველაფერზე სასაუბროდ, მაგრამ კიდევ ერთხელ მოგმართავთ თხოვნით, გააკეთოთ ის, რაც ყველაზე მაგრად იცით – დაგვიდგეთ გვერდით. ერთად ისევ ბევრს შევძლებთ, ჩვენ ვართ „ტორპედო!““ – წერია მერაბ გიგაურის მიმართვაში.
განცხადებაზე ქუთაისური კლუბის ოფიციალურმა ფანკლუბმა, „ჯუნგლებმა“ პასუხი გამოაქვეყნა.
„ღირსეული და სწორი ჟესტია როგორც კაპიტნისგან, ისე გუნდისგან, ამით ისინი ფანების მიმართ დაფასებას და პატივისცემას გამოხატავენ და აცნობიერებენ, თუ რამხელა ძალა გააჩნია გულშემატკივარს. თუმცა ყველამ იცის, რომ ჩვენი პროტესტი ამ ვითარებაში არა ფეხბურთელებზე, არამედ მთავარ მწვრთნელზეა, და თუ ვინმე უნდა იღებდეს თავის თავზე ბოლოდროინდელ არასასიამოვნო თემებზე პასუხისმგებლობას და იჩენდეს ინიციატივას, ეს მხოლოდ კინია“, – ასეთია „ჯუნგლების“ პოზიცია.